
გიორგი ოქროპირიძის მიერ მოკლული ლევან თალაკვაძის დედა, ჟუჟუნა თალაკვაძე ვიცე-სპიკერს, მანანა კობახიძეს სოციალური ქსელიდან მიმართავს.
„ქალბატონო მანანა! მე გახლავართ ოქროპირიძის მიერ მოკლული ლევან თალაკვაძის დედა.
ბუნებრივია თვალს ვადევნებ მის მიერ კიდევ ერთი მოკლულის ლაშა მახარაძის საქმის გარშემო გავრცელებულ ინფორმაციას. წავიკითხე თქვენი ინტერვიუ ამ დანაშაულის შესახებ.
სამწუხაროდ, ინტერვიუში ჩანს თქვენი პროფესიული არაკომპეტენტურობა, რადგან თქვენ დანაშაულის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენთ. რასაც თქვენ წერთ - სიცრუეა.
ნუთუ არ იცით რამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი მას ( სახელის ხსენებაც მზარავს ). ნუთუ არ გაღელვებთ ამ ბიჭების სიკვდილი? დაფიქრდით, ეს არ არის პოლიტიკური რეკლამა.
ჩვენი შვილები იხოცებიან, თქვენ კი აუღელვებელი სახით, სრულიად საქართველოს წინაშე თავს იმართლებთ“,- წერს ჟუჟუნა თალაკვაძე „ფეისბუქის“ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ოქროპირიძე, რომელიც ამჟამად ლაშა მახარაძის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, წარსულში ლევან თალაკვაძის მკვლელობისთვის არის ნასამართლევი. მაშინ ოქროპირიძის ინტერესებს მანანა კობახიძე იცავდა.
გიორგი ოქროპირიძემ საპყრობილე შეწყალებით დატოვა.