-
2014-08-20 11:45
მსახიობმა აღნიშნულის თაობაზე მეგობრებს „ფეისბუქით“ აცნობა.
„მოკლედ ასე: ძალიან არ მიყვარს მსგავსი სტატუსები, მაგრამ მივხვდი, რომ ვერ ავუვალ შეკითხვებს, ეჭვებსა და თვითშემოქმედების შედეგად დასმულ მრავალ გადამეტებულ დიაგნოზს.
გავიკეთე ოპერაცია, თავზე მომაძრეს მეორე თავი, ოსტეომა (კეთილთვისებიანი ძვლოვანი სიმსივნე), რომელიც ნელა, მაგრამ ჯიუტად იზრდებოდა.
არ მტკიოდა, მაგრამ იყო ისეთ ადგილას სადაც სინუსის არტერია თუ ვენა, ჯანდაბა მაგას და დოზანა, გადიოდა. მიცოცავდა ტვინისკენ.
შეიძლება ერთ-ორ წელიწადში ხელი აღარ ეხლოთ და სრულ გამოშტერებას, რადგან ის ძარღვი, ვენა, თუ არტერია 40% სისხლის მიწოდებაზეა პასუხისმგებელი, ვამჯობინე გონებრივი სტატუს კვოს შენარჩუნება და მეორე თავის მოჭრა.
რადგან საკმაოდ რთული (ადგილმდებარეობის გამო) ოპერაცია ახალგაზრდა და უმაგრესმა ნეიროქირურგმა ედიშერ მაღალაშვილმა გამიკეთა, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა.
თავზე მაქვს სასიამტკბილო ნაკერი, ვფიქრობდი "ელვის" დაყენებას ქრთამის შესანახად, მაგრამ უარი მითხრეს. ვარ კარგად, ცოტა სახე უკანალს მიმიგავს, მაგრამ მალე გამოიკვეთება ჩემი ძლევამოსილი ნისკარტის კონტური.
არ ვკვდები, მოკლედ.
პ.ს. მაპატიეთ, ჩემო მეგობრებო და საყვარელო ადამიანებო, რომ არ გაგიმხილეთ, რადგან არ მიყვარს წინასწარი ალიაქოთი, 40 გრადუს სიხცეში, საავადმყოფოსთან მინი-მიტინგი, ნერვების თხლეშა და წინასაპანაშვიდე განწყობა.
პ.პ.ს. ნარკოზიდან გამოსვლისთანავე გონებაში ჟაკის მონოლოგი გადავიმეორე სპექტაკლიდან "როგორც გენებოთ" ანუ მეხსიერება აღმიდგა და წერა-კითხვაც არ მიჭირს“, - წერს ნატა მურვანიძე.