
ყოფილი პარლამენტარის ეკა ხერხეულიძის თქმით, საზოგადოების ერთმა ნაწილმა დაიჯერა მონოტონური ბრალდებები ზვიად გამსახურდიას მისამართით და ამ აფიორის ხარჯზე იმ ადამიანებმა იხეირეს, ვისაც გარანტირებული აქვთ უზრუნველი ცხოვრება.
ისე ვბერდები, რომ სახელმწიფო რანგში აყვანილი ტყუილი "გამსახურდიამ 40 კგ ოქრო გაიტაცა" მაინც ვერ დაუბრუნდა კანონიერ მფლობელს-სახელმწიფოს.
ხელოვნების მუზეუმიდან გატაცებული "თამარის ჯვარიც" მან გაიყოლა, უბრალოდ მოგვიანებით რატომღაც მხედრიონელის სახლში აღმოჩნდა.
იმასაც ამბობდნენ, გროზნოში გატყავებული ქართველების ფულით დელიკატესებს მიირთმევდაო, თუმცა მე რომ ჩავდიოდი მარტო "გაროხის" წვნიანით და ჭარხლის სალათით მიმასპინძლდებოდნენ (თვალის ასახვევად).
აქედან რომ გააგდეს, ყველა საინფორმაციო საშუალება ირწმუნებოდა, ქვეყნიდან გასვლაზე მხოლოდ იმ პირობით დაგვთანხმდა, თუ "მილიონებს გამატანთო", თუმცა, ეტყობა დაკარგა, თორემ მისი დევნილი ოჯახი ორი კვირის განმავლობაში თოვლით რატომ გამოიკვებებოდა დევნილობაში.
დიახ, საზოგადოების ერთმა ნაწილმა დაიჯერა სახელისუფლო მონოტონური ბრალდებები და ამ აფიორის ხარჯზე იმ ადამიანებმა იხეირეს, ვისაც შთამომავლობით გარანტირებული აქვთ უზრუნველი ცხოვრება.
ჰო, ასეა. აბა, ამ მთავრობისგან ჩხარტიშვილზე, ლეკიშვილზე, ზოდელავაზე, ჩხაიძეზე და მისთანების ქონებრივ დეკლარაციაზე არაფერი მსმენია.
თავად შევარდნაძეც უქონელივით გავაცილეთ უკანასკნელ გზაზე, თვით იანაევის ოქმიც არ გაგვიყოლებია, მხოლოდ ცრემლი და დანგრეული ბერლინის კედელი დარჩება ბრძენი ქართველის მეხსიერებას...“ - წერს ეკა ხერხეულიძე