
ზუგდიდის გამგებელი, ედიშერ თოლორაია, მის მრჩეველად 22 წლის ყოფილი კრუპიეს, თაკო ლაშხიას დანიშვნის გამო ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა.
„თაკოს გარშემო უაზროდ აგორდა აჟიოტაჟი. ის ჩემ მრჩევლად არ დანიშნულა, ის არის გამგებლის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი. 2 თვის განმავლობაში იქნება ამ თანამდებობაზე, მანამ ვიდრე გამოცდები ჩატარდება.
ის არის ეკონომისტი, უმუშავია ბუღალტრად. აქ რაიმე ნათესაურ და მეგობრულ კავშირს არ ჰქონია ადგილი.
22 და 23 წლის ადამიანები მინისტრებად ინიშნებოდნენ, მაგაზე არ ქონდა არავის პრობლემა და ჩემი თანაშემწე გახდა პრობლემა?
ახალგაზრდების დანიშვნა თანამდებობაზე პრობლემა არ არის, მთავარია, მერე როგორ მოიქცევა ამ თანამდებობაზე. თანაც გაითვალისწინეთ, რომ თაკო ლაშხია გამოკვეთილად თანაშემწეც არაა, ის უნდა იყოს მისაღებში და მეტი არაფერი.
მესმის, გასაკვირი იქნებოდა მისი აქ დანიშვნა, ის რომ იყოს მრჩეველი ან რაიმე სამსახურის უფროსი, მაგრამ ის არის უბრალოდ თანაშემწე.
იყო ასეთი შტატი და ჩვენც დავნიშნეთ ამ ვაკანსიაზე ვიღაც, თორემ ადრე რომ იყო მრჩევლები და სხვ. ასეთი ბევრი ფუნქცია მას აღარ აქვს. ბუნებრივია, აქვს გარკვეული ფუნქცია, მაგრამ ბევრი არა. არც ხელფასია განსაკუთრებული,“ - აღნიშნა ედიშერ თოლორაიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს „ფეისბუქი“ გვერდზე „ზუდგიდის სახეები“ გავრცელდა ინფორმაციაშია, რომლის თანახმადაც, ზუგდიდის გამგეობის ახალგაზრდა კადრი ყოფილი კრუპიეა და მას კაზინოში მუშაობის დიდი სტაჟი აქვს.
„ედიშერ თოლორაიას, სხვა მრავალ საკითხთან ერთად, ზუგდიდში აზარტული ბიზნესის განვითარების მხრივ მისცემს რჩევებს. რაც უფრო მეტი ახალგაზრდა ითამაშებს და წააგებს, მით უფრო მეტი თანხა შევა რაიონის ბიუჯეტში
და ეკონომიკა აყვავდება, მიიჩნევს მრჩეველი გოგონა. ისე ბატონ ედიშერს ზუგდიდელების სახელით ვკითხავდი, ქალაქს უამრავი დაუსაქმებელი პროფესიონალი ყავს და რატომ მოგინდათ პატარა გოგონას დასაქმება თქვენს მრჩეველად, რომელმაც სკოლა რამდენიმე წელია დაამთავრა.
ჩვენ უფრო ჭკვიანი გვეგონეთ, 22 წლის ახალგაზრდის ჭკუაზე აპირებთ სიარულს. ეჰ, რას ვიზამთ ავირჩიეთ ახალი გამგებელი და მანაც თავისი ნათესავებით გაავსო გამგეობა" - წერენ „ზუგდიდის სახეები“.
„კვირის პალიტრა“