-
2014-07-31 18:43
თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში „ნანუკას შოუს" იმ გადაცემას გამოეხმაურა, რომელიც პატიმრობაში მყოფ გიგი უგულავას მიეძღვნა.
„არ მინახავს გუშინდელი ნანუკას შოუ. ისევე როგორც ბევრი სხვა შოუ და გადაცემა, სამწუხაროდ ტელევიზორი ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი აღარ არის. მაგრამ იცით ფბ-ზე ხშირად ვიყურები.
დილიდან ვფიქრობ, დავწერო თუ არა.
როგორც ჩანს პარლამენტის წევრობამ კორექტივები შეიტანა ჩემს ყოველდღიულობაში. ადრე შესაძლოა არასოდეს რომ არ მეფიქრა, დღეს ისეთი ფიქრები მომეძალა, მაგრამ იმის მიუხედავად რა რეაქცია მოყვება ჩემს პოსტს, ზუსტად ვიცი, რომ არ დავწერო გული გამისკდება.
რაც დღეს დილით აქ წავიკითხე და გავიგე, მისი უდიდესი ნაწილი მთრგუნავს და მანადგურებს.
ვისაც გინდათ გაგეჯიბრებით გიგისთან ბრძოლაში, მისი პოლიტიკური ნაბიჯების, მერიაში სქემების, უკანონო ტენდერების, უკანონო გადაწყვეტილებების მხილებაში, გამოძიებაში, საკრებულოს სხდომებზე თუ სხვამხრივ საჯაროდ კამათსა და კრიტიკაში.
ვერ და არ მივიღებ არავისგან არც ერთ თითის გამოშვერას ჩემი მისამართით. კიდევ ერთხელ, ვისაც გინდათ იმას გაგეჯიბრებით, თავად გიგის და კოლექტიური გიგის მხილებაში, ნაცებთან ბრძოლაში, და ამ ბრძოლის არგუმენტირებულად, ლოგიკურად, დოკუმენტურად და სამართლებრივად დასაბუთებისთვის შრომაში.
მაგრამ ეს რა უბედურებაა. არ მოგწონთ ამ გადაცემის სტილი, ესთეტიკა, წამყვანი, შინაარსი, სტუმრები გადართეთ. ნუ უყურებთ. ვინ გაძალებთ.
სტუმრის და თემის მიუხედავად, მე არ მომწონს ასეთი გადაცემები, არ ვარ მათი მაყურებელი და არასოდეს მაინტერესებს, მაგრამ ეს ლანძღვა-გინება, ქილიკი, შენ რომ სხვის შვილებს აუბედურებდი, ძახილი, რა არის ადამიანებო.
არაფერში დამნაშავე ბავშვებზე ლაპარაკობთ, მათ რატომ ეხებით, სულში უძვრებით, შეურაცხყოფას აყენებთ :(((
რითი განსხვავდებით იმათგან, ვისაც სიძულვილის დათესვის გამო ებრძვით და ეწინააღმდეგებით. არ მესმის და ღმერთო, ნურასოდეს შემაძლებინებ, რომ ეს გავიგო.
ბოდიშს ვიხდი ასეთი გულახდილობისთვის, მაგრამ რომ წარმოვიდგენ ჩემი ან სხვისი შვილები, ნებისმიერი ადამიანის შვილები, მათი მშობლების მიმართ საზოგადოებაში არსებული დამსახურებული თუ დაუმსახურებელი ზიზღის თუ სიყვარულის გამო პასუხს აგებენ, მზარავს და მაგიჟებს.
მე მორალისტი არ ვარ და არავის უკითხავ მორალს, ყველა საკუთარი მორალის და ზნეობის მიხედვით იქცევა, მაგრამ მე ჩემი სათქმელი ვთქვი. არც მოწონებისთვის, არც უარყოფისთვის, არც დაგმობისთვის და არც თინა როგორი მაგარი ხარ, ძახილისთვის.
დავწერე მხოლოდ ჩემთვის და ჩემი და თქვენი შვილებისთვის. გავუფრთხილდეთ მათ" - წერს თინა ხიდაშელი.