
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე სოციალურ ქსელში საჯაროდ აცხადებს, რომ მასაც აქვს რეგისტრირებული იარაღი, თუმცა თავის მოკვლას არ აპირებს.
„როდესაც 2 წლის წინ, ახლანდელი ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, ბავშვური ბედნიერებით ყლოჭინებდა და უყვებოდა ვიღაცას, როგორ შეხვდა „8 სულ ქურდს“, როგორ მიესალმნენ და გულში ჩაიკრეს, გავატარეთ...
როდესაც მისი სიყრმისდროინდელი ფოტოები გავრცელდა, არც მეტი - არც ნაკლები, კანონიერ ქურდ „ტაივანჩიკთან“ ერთად გადაღებული, ესეც გავატარეთ...
როდესაც მან, სულ ახლახანს, უკვე ვიცე-პრემიერის რანგში, კანონიერი ქურდი „რემენა“ თვითმფრინავიდან „გააქრო“ და სხვა ქვეყანაში გადააცილა, ესეც გავატარეთ...
ერთი სიტყვით, დღეს მთავრობაში ვიცე-პრემიერი გვიზის, რომელიც კანონიერი ქურდების ერთგული ძმაკაცი და მფარველია.
თუ ეს ყველაფერი პრემიერ ღარიბაშვილის და მოქალაქე ივანიშვილის გვერდის ავლით ხდება, ეგ ერთი უბედურებაა, ხოლო თუ მათთან შეთანხმებით - მეორე.
მე „მეორე უბედურების“ უფრო მჯერა.
ვერავის კონკრეტულად ბრალს ვერ დავდებ, მაგრამ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გიკვირთ რომ საქართველოში ზოგადად ეგეთი ამბები ხდება?!
მე არ მიკვირს, პირიქით ლოგიკურად მეჩვენება.
ცნობისთვის:
მე, საკმაო ხანია მაქვს რეგისტრირებული იარაღი.
იარაღთან მოპყრობაშიც ძალიან დიდი სიფრთხილით გამოვირჩევი.
და კიდევ ერთი, თავის მოკვლას ნამდვილად არ ვაპირებ.
ისეთი რეალობაა, ყველაფრის აღნიშვნა გიწევს ადამიანს", - წერს ხაჩიძე.