
23 ნოემბერს – გიორგობას და "ახალი ქართული სახელმწიფოსთვის საფუძვლის ჩაყრის დღეს" ეხმაურება საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე და ამ დღეს ყველა ოპტიმისტსა და იდეალისტს ულოცავს.
დავით საყვარელიძე წერს, რომ ათი წლის წინ ვერც კი წარმოიდგენდა, თუ ასეთ სტატუსს დაწერდა და ასე ამაყი იქნებოდა. მისივე თქმით, გულწრფელად უნდა, წლების შემდეგ დადგეს ის სინამდვილე, როცა იტყვის: "ესენი ჩვენზე უფრო მაგრები და წარმატებულები ყოფილან".
დავით საყვარელიძე წერს:
"ყველა იდეალისტს და ოპტიმისტს ვულოცავ დღევანდელ დღეს! განურჩევლად იმისა, ჩვენი მომხრე და მეგობარია, თუ არა... ვძულვართ თუ ვუყვარვართ...
მიმაჩნია, რომ სიმბოლური თარიღია ზოგადად ყველასთვის! 2003 წლის 23 ნოემბერს, რწმენის, შინაგანი სიმტკიცის და პრინციპულობის ქრისტიანობის ყველაზე ცნობილი სიმბოლოს ხსენების დღეს საფუძველი ჩაეყარა ახალი ქართული სახელმწიფოს მშნებლობას;
მაშინ დამწყები თანამშროლელი ვიყავი იუსტიციის სამინისტროში და გამოგიტყდებით, ვერც კი წარმომედგინა, რომ დღეს აი ამ პოსტს ასეთი სიამაყით დავწერდი... რომ არა ხალხის ნება გამოხატული 2003 წელს, არც კი ვიცი საერთოდ რა მდგომარეობაში იქნებოდა დღეს ჩვენი ქვეყანა, ან საერთოდ იქნებოდა თუ არა, ალბათ ისევ მხოლოდ და მხოლოდ "ქვეყანა" ვიქნებოდით და არა შემდგარი სახელმწიფო...
დღეს მეტი ასპარეზია და უფრო გამოკვეთილი გამოწვევებია ყოველი ჩვენგანის წინაშე... მადლობას ვუხდი და ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის წინაშე ( როგორც საჯარო, ისე კერძო და სამოქალაქო სფეროდან), რომლმებაც ახალი ქართული სახელმწიფოს იდეა ირწმუნა, ყველამ თავისებურად...
და განსაკუთრებით ყველა ჩემს თანამებრძოლს, რომლებსაც თავი, ენერგია, ჯანმრთელობა, ნერვები და სიცოცხლეც კი არ დაუზოგავთ იმისათვის რომ საქართველო დღემდე ამ სინამდვილით მოსულიყო!
გულწრფელად მინდა რომ წლების შემდეგ მართლაც დადგეს ის სინამდვილე სადაც ვიტყვი, ესენი ჩვენზე უფრო მაგრები და წარმატებულები ყოფილან და უფრო ძლიერ ყვარებიათ ჩემი ქვეყანა მეთქი, ვინც არ უნდა იყოს... პირველი მივალ და მადლობას გადავუხდი...
ძლევამოსილი წმინდა გიორგი იყოს კვლავაც ყველას გამაერთიანებელი და გამაძლიერებელი ახალი და წარმატებული საქართველოსთვის ბრძოლის საქმეში!!! ბრძოლა გრძელდება!!!"