
„მარშალის ფონდის“ ვაშინგტონის სათაო ოფისში გამართულ კონფერენციაზე, სადაც აშშ–ის პოლიტიკური ელიტისა და საქართველოდან მიწვეული ექსპერტები მონაწილეობდნენ, სენატორმა ჯონ მაკკეინმა შეფასებები გააკეთა.
მაკკეინმა, რომელმაც კონფერენცია გახსნა, განაცხადა, რომ ქართველ ხალხს მაღალი მოლოდინი ჰქონდა ახალი მთავრობის მიმართ, მაგრამ საქართველოში მაინც არ ხდება ის, რასაც ხალხი იმსახურებდა და მოელოდა. სენატორმა პოლიტიკური ნიშნით დევნის ნიშნებზეც ისაუბრა:
„არ შეიძლება, ითქვას, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი მთავრობა ყოველთვის საუკეთესოები იყვნენ. ჩვენ ვაღიარებთ მათ შეცდომებსაც და ვარდების რევოლუციიდან 10 წლის გადასახედიდან ნათელია, რომ ქართველმა ხალხმა გადადგა ცვლილებებისთვის კიდევ ერთი ნაბიჯი.
ცხადია, მათი მოლოდინი ახალი მთავრობის მიმართ ისეთი მაღალია, როგორც არასდროს და ასეც უნდა იყოს, რადგან საქართველოს ისევ რჩება პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები და გასაკეთებელია ბევრი რამ ქვეყნის დემოკრატიისა და ეკონომიკური რეფორმებისთვის.
თუმცა, ბოლოდროინდელი მოვლენები არ არის ისეთი, როგორსაც, ჩვენი აზრით, ქართველი ხალხი ელოდა და იმსახურებდა. მთავრობის ზოგიერთი ყოფილი წევრის დაკავება და გასამართლება ჩანს შერჩევითი და პოლიტიკურად მოტივირებული.
სამართლიანობა უნდა აღდგეს და კანონი დაცული იყოს, თუმცა სამართლიანობის აღდგენამ უნდა გააძლიეროს დემოკრატია და კანონის უზენაესობა და არ დააზიანოს ეს პრინციპები“, – თქვა სენატორმა მაკკეინმა.