
პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, უმცირესობის დეპუტატმა ეკონომიკური მაჩვენებლის ვარდნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2013 წლისთვის ეკონომიკის ზრდა ორნიშნა კოეფიციენტით ვერაფრით მოხდება.
ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მთავრობას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს და ელემენტარულ საკითხებში უშვებს შეცდომას:
„თქვენ მოიგონეთ, რომ ეკონომიკა გასულ წლებში იზრდებოდა ილუზორულად, რომელი ეკონომიკური თეორია ნახეთ, რომ სახელმწიფოსგან ბიზნესის დატერორებით ეკონომიკა იზრდებოდეს?
შარშან, მესამე კვარტალში ეკონომიკის ზრდა იყო 7.5%, მეოთხეში 2%-ზე ჩამოვიდა, ეს არის ვარდნა და არა ის, რომ 0.5 პროცენტით ხდება შეცვლა. ადამიანების გადინება მოხდა გასულ წლებშიო, ზოგადად, რომ გესმოდეთ, მიგრაციის რამდენიმე ტიპის ტენდეცია არის თანამედროვე სამყაროში, ჩვენთვის რაც ყველაზე რელევანტურია, ეს არის ის, რომ დაბალი მშპ-ს ქვეყნებიდან მიედინებიან მაღალი მშპ-ს ქვეყნებისკენ, რაც უფრო დავუახლოვდებით ევროკავშირს ეს გაგრძელდება.
ამას ვერანაირი სახელმწიფო პოლიტიკა ვერ შეცვლის, ისინი დაბრუნდებიან მაშინ, როცა ქართული ეკონომიკა დაეწევა მათ ეკონომიკისა და ეს რომ მოხდეს, საჭიროა სწრაფი ორნიშნიანი ზრდა და არა 1.3 ზრდა, რომელიც იყო აქ მესამე კვარტალში.
ამბობთ, რომ ბიუჯეტი გაირღვევა საშემოსავლო ნაწილში, მაგრამ არ გაირღვევა ხარჯვით ნაწილში, თუ არ იქნა შემოსავალი, რას დახარჯავთ? ეს ხომ მარტივი მათემატიკაა?
2013 წლისთვის 6 პროცენტიანი ზრდაო - ხომ იცით, რომ 2.5 % ზრდა არის მაქსიმუმი? რომ შემოგაქვს ბიუჯეტი, რატომ გიწერია ექვსი პროცენტი? რა ვერ მივხდებით, საბავშვო ბაღში ვართ თუ რა?!“- განაცხადა ჯაფარიძემ.