
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მალხაზ ფიროსმანიშვილმა და ვახო ბაბუნაშვილმა განაცხადეს, რომ საინიციატივო ჯგუფი ორგანიზებას გაუწევს „ვარდების რევოლუციის“ 10 წლისთავის აღნიშვნას.
ინიციატივა მუსიკოსებსა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას ეკუთვნის. ჯგუფში მუსიკოსებთან ერთად შედიან "პროპატრია" "პროფესიონალთა კლუბი" და "ახალგაზრდები ევროპული მომავლისათვის".
სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც 23 ნოემბერსაა დაგეგმილი, კონცერტით დასრულდება.
"მიგვაჩნია, რომ ვარდების რევოლუცია, როგორც ისტორიული მოვლენა, იმსახურებს, რომ ეს თარიღი ყოველთვის აღინიშნებოდეს. ეს არის საერთო სახალხო მოვლენა. ის არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის კუთვნილება, ის ხალხს ეკუთვნის“, – განაცხადა მალხაზ ფიროსმანიშვილმა.
ზეიმში მონაწილეთა სია ჯერ ცნობილი არ არის, ხოლო რაც შეეხება ხარჯებს, საინიციატივო ჯგუფის წევრები ღონისძიების ფინანსურ მხარეს თავად უზრუნველყოფენ და ასევე, არ გამორიცხავენ ბანკში ანგარიშის გახსნას, სადაც თანხის გადარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
ინიციატივას უკვე მოჰყვა გამოხმაურებები სოციალურ ქსელში. ისინი არაერთგვაროვანია. აქტიურობენ ემიგრანტი ქართველები, რომლებიც აცხადებენ, რომ მზად არიან, თავიანთი წვლილი შეიტანონ ზეიმის აღნიშვნაში იმის მიუხედავად, რომ ღონისძიებებს ვერ დაესწრებიან.
ემიგრანტების ნაწილი გამოდის ინიციატივით, რომ 23 ნოემბერს ზეიმის მონაწილეებმა ვარდებით ხელში მსვლელობა გამართონ, მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ვარდი ტანსაცმელზე უნდა დაიბნიონ.
აშშ–ში მყოფი ექიმი გაგი ოთიაშვილი წერს:
„ყველას, ვისაც გიყვართ საქართველო, როგორც სახელმწიფო და არა ქვეყანა როგორც მიჯირყვნული ჭორვილგრადი, ან ხმაურიანი სახელი, როგორც ყანწის ასაწევი მიზეზი, ყველა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქე და საქართველოს გულშემატკივარმა არამოქალაქე უნდა ვარდით ხელში, ან ქურთუკის ღილკილოზე მიბნეული ვარდის პაწაწა კოკორით აღნიშნოს ვარდების რევოლუციის 10 წლის თავი.
სახელმწიფო საქართველოს გულშემატკივრებო დაიჭირეთ ერთი ვარდი მაინც და ასე გაატარეთ დღევანდელი დღე - ამაყად, იმედიანად ... ვარდით ხელში!
დეე ,გოგონებმა ქურთუკების ღილკილოზე მიიბნიონ ერთი ვარდის კოკორი თანამამედროვე ქართული სახელმწიფობრიობის საფუძვლის შემქნელი ვარდების რევოლუციის 10 წლისთავთან დაკავშირებით!
P.S. - სიმბოლურია ისიც, რომ ახლა პრეზიდენტის საინაგურაციო ცერემონიალს ხალხი ვერ დაესწრება, ხალხი ვარდებით ხელში შეხვდება ვარდების რევოლუციის 10 წლისთავს”, - აღნიშნავს ოთიაშვილი.