
ჟურნალისტი თენგიზ გოგოტიშვილი რუსეთსა და თურქეთს შორის დღეს დაწყებულ დაპირისპირებას ეხმიანება და წერს, რომ არჩევანის შემთხვევაში, საქართველომ მხარი თურქეთს უნდა დაუჭიროს.
"რუსეთ-თურქეთის ომში ჩვენ რომ ნეიტრალურებად დარჩენის უფლებას არავინ მოგვცემს, ფაქტია. რომელ მხარეს დგომაში-ბრძოლაშია ახლა ჭკუა?
ერთ შემთხვევაში თითქოს გვეძლევა ტაო-კლარჯეთის დაბრუნების თეორიული შანსი, მეორეში - ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის. კიდევ უფრო მიზერულად - სოჭის მხარისა და დვალეთის.
ჩემთვის რუსეთი სულ მარტოა (პოსტ-საბჭოთა კარიმოვები არ ითვლება. დღეს იქით არიან - ხვალ აქეთ), თურქეთი კი ერთი დიდის ნაწილია. რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, დიდი ევროპული ცივილიზაციისა უფრო. მეხუთე მუხლია ამ ცივილიზაციის პირობითი სახელი.
ამიტომ, თუ წილი უნდა იყაროს, ჩემი ხმა თურქეთს.
დამარცხების შემთხვევაში, გურჯისტანის ვილაიათად ვიწოდები თუ ტიფლისკი ღუბერნიად, ჩემთვის განსხვავება არ არის.
რუსის ეგზარქოსი დამწყევლის, როგორც ერს, თუ თურქი მოლა, არც მაგას დაგიდევთ.
რაც უნდა ვეყმოთ კრემლის ხონთქარს;
რამდენი სისხლიც უნდა დავღვაროთ ვანიას მხარდამხარ ასკერებთან ბრძოლაში;
რამდენი ეკლესიაც არ უნდა გადავათეთროთ საკუთარი ხელით, ოღონდ რუსისაზე ძველი არ გამოჩნდეს;
რამდენი ხმაც უნდა მივცეთ საპარლამენტო არჩევნებში "ედინაია როსიას" ქართულ ფრთას;
რამდენი მაიკო ორბელიანიც უნდა ჩავუწვინოთ ლოგინში პედოფილ პოდპოლკოვნიკს,
მაინც სამაგალითოდ დაგვსჯის თუნდაც ნატოს იმ დროშისთვის, კრწანისსა და საჩხერეში რომ ავაფრიალეთ სასწავლო ცენტრების გახსნისას.
ერეკლე მეორის სული დღეს მაგრად შფოთავს. დღეს მისი არჩევანი გამტყუნდა. თუნდაც 230 წლის წინ სწორი ყოფილიყო.
ოპონენტებს აქვე დავეთანხმები: ოსმალო ის იმპერიაა, რომელთან ბრძოლაშიც ჩვენმა პაპებმა ბევრი სისხლი ღვარეს..
მაგრამ რუსის იმპერია ის ურდოა, რომელთან ბრძოლაშიც სისხლი უკვე ჩვენმა შვილებმა დაღვარეს. 25 წელიწადში, სულ ცოტა, 6-ჯერ.
ამიტომ ვიზრუნოთ უპირველესად იმ ჭრილობების მოვლაზე, რასაც ჯერ კიდევ სისხლი სდის და ჯერ კიდევ გვტკივა. თორემ შემდეგ ან შემდეგის შემდეგ თაობას ნაცხინვალარიცა და ნაკოდორალიც ისევე შეუხორცდება, როგორც ადამიანს უხორცდება ხელის მოკვეთის ადგილი, ჩვენნაირ ერს კი - ჩამოჭრილი ტაო-კლარჯეთის სიცარიელე.
ძალიან რთულია არჩევანი იმას შორის, რასაც მიესადაგება ზედსართავი "ოდინდელი". მაგრამ, ახლა, მგონი, არჩევანის გარეშეც ვართ."