-
2015-02-25 08:23
"არჩევანში" ზვიად ძიძიგურის გამოსვლას ეხმიანება ზაზა ბიბილაშვილი და წერს, რომ "ქართული ოცნება" ორგანიზებული, ბნელი ძალაა, რომელიც საზოგადოებაში მავნე ერთიან მესიჯბოქსს აგზავნის.
"ქართული ოცნება" არის ორგანიზებული სიბნელე. უკანასკნელი მაგალითი - გაბუნიას ეთერში "ოცნების" სახელით მოლაპარაკე ზვიად ძიძიგურმა გაცნობიერებულად მოგვაწოდა ორი ბინძური, მავნე, ბოროტი იდეა. კერძოდ, მან თქვა, რომ:
პირველი: "სავიზო რეჟიმის შემოღება სწორი იყო, რადგან თურმე ადრე "ჯიბეში 3 დოლარით შემოსულმა სანდლებიანმა ირანელმა" მოკლა 16 წლის გოგო".
ეს არის ქსენოფობიის ლეგიტიმაციის მცდელობა და გვამებით ვაჭრობის მორიგი ფაქტი ამ გვამებით ვაჭრების მხრიდან, რომელთა მიერ ამნისტრირებულმა მკვლელებმა ასობით საზარელი დანაშაული ჩაიდინეს ბოლო 2 წელიწადში.
ეს ასევე არის იმ ფაქტის უგულებელყოფა, რომ სავიზო რეჟიმი განურჩევლად შეეხო ევროკავშირს, აშშ-ს და ყველა განვითარებულ ქვეყანას, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ეკონომიკის ჩამოშლაში;
და მეორე: "ახლა რომ სააკაშვილი იყოს ხელისუფლებაში, ჩვენთანაც ომი იქნებოდა".
ეს არის ამ კლოუნების კოლაბორაციონისტული პოლიტიკის ლეგიტიმაციის მცდელობა, იდეოლოგია, რომელიც გვიმტკიცებს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა ავტომატურად ომს ნიშნავს და, ამიტომ, ისევ წაწოლა და შეტენვა ჯობია, როგორც ივანიშვილი და მისი კაგებეშნიკებით გაჯერებული ხელისუფლება ქადაგებს.
ეს მესიჯები შემთხვევითობა არ გეგონოთ. ეს მმართველი კოალიციის იდეოლოგიის ამსახველი, შეთანხმებული მესიჯბოქსია. ან კი რა გასაკვირია: როგორც ყველა რეაქციული, ბნელი ძალა, "ქართული ოცნებაც" ადამიანების ყველაზე მდაბალი ინსტინქტებით მანიპულირებს და ადამიანთა ქვეცნობიერ შიშებს აღვივებს.
მხოლოდ ასე მართავს ეს ივანიშვილის რუსული ფულით შეკოწიწებული, ზიზღით გაერთიანებული, არშემდგარი ან წარსულში ჩარჩენილი ადამიანებით დაკომპლექტებული, შინაურის სიძულვილით მტერთან გარიგებული საბჭოთა ძალა.
ამ ყველაფრის ფონზე, ყველაზე გულისამრევი მაინც "ოცნების" "ინტელექტუალი", "ლიბერალი", „პროდასავლელი“ მხარდამჭერები არიან. აი ისინი, "ოცნება" რომ ნაციონალებს "ურჩევნიათ". ძალიან ცუდი ტიპები ხართ...", - წერს ბიბილაშვილი "ფეისბუქში".