-
2015-02-13 02:53
ოთარ ბექაური სოციალური ქსელის მეშვეობით ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს. “მიმართვა ქვეყნის დე ფაქტო პრემიერ ივანიშვილს":
ბატონო ბიძინა!
22:00 საათს, დიდი ხანია გადასცდა ისრები და ალბათ თქვენ უკვე ღრმა და მშვიდი ძილით გძინავთ. არა უშავს, ამ მიმართვას, ან თქვენი ორფეხა რეზიკო, იგივე “მადლობა ბატონო ბიძინა“ ჩვენი ქვეყნის პრემიერი წაგიკითხავთ, ან თქვენი ორფეხა ზებრა ვახო გომელაური, რომელიც ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი პოლიციელია.
ან რა გადარდებთ? რა დაგირღვევთ მშვიდ ძილს? თქვენი ნაშოვნი მილიარდების წყალობით, რომელიც კაცმა არ იცის, საიდან და როგორ იშოვეთ, არც გცივათ, არც გშიათ, არც რაიმე სხვა საზრუნავი გაქვთ. ამ ასაკშიც კი, გაქვთ სათამაშო, რომელიც არც მეტი და არც ნაკლები – სახელმწიფოა, თქვენივე სამშობლო, რომლითაც თქვენ, მოწყენილობის ჟამს ერთობით ხოლმე.
სხვა რა შემიძლია დავარქვა თქვენს საქმიანობას, თუ არა ჩემი სამშობლოთი თამაში? თქვენ მოხვედით კონცერტებით, სადაც ბერას გაარეპინეთ და ახალგაზრდობის მდარე გემოვნების წყალობით მათი ხმებიც მოიპოვეთ და ასევე ცრუ დაპირებებით, უფასო ფულით დააბოლეთ გამათხოვრებული და საშოვარს გადაგებული უფროსი თაობა.
შემდეგ, როცა ასე თამაში მოგბეზრდათ, ფორმალურად წახვედით და დატოვეთ რეზიკო. შესანიშნავია რეზიკოს პერსონაჟი “ქერის უბანში” რომელიც განასახიერებს თქვენს შნირს. რეზიკო და ზებრა შესანიშნავად ართმევენ თავს თქვენს კაპრიზებს. იგივე გომელაური და ღარიბაშვილი. ახლა კინო მოგინდათ, რომელ როლს მოარგებთ ბატონ თამაზ თამაზაშვილს?! აი ეს კითხვა დამრჩა.
ჟირაფი არ გყავთ ბატონო ბიძინა?! შეიძინეთ ჟირაფიც თორემ დაგვრჩა საწყალი, სოფელ კოკის გასვეცკებული სიამაყე დათო ნარმანია უმუშევარი. გამახსენდა რომის ერთერთი იმპერატორი, ცხენი რომ კონსულად დანიშნა…
მშვიდად იძინე, ბატონო ოლიგარქო, ემანდ ქვეყნისა და ხალხის გაჭირვებაზე დარდმა არ დაგიფრთხოს ძილი…”, - წერს ოთარ ბექაური.