
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გია სოსანაშვილთან დაკავშირებით გამოძიების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებსა და გავრცელებულ ინფორმაციაზე თავის პოზიციას გამოთქვამს.
უტიაშვილი ამბობს, რომ გამოძიებას უფრო მეტი მტკიცებულებების გამოქვეყნება მოუწევს, რათა საზოგადოება თავისი ვერსიის სისწორეში დააჯეროს: “ოცნებისათვის სოსანაშვილი იდეალური ეჭვმიტანილია, რადგან ძველი პოლიციელია, სასაფლაოზე იყო და რაც მთავარია, “თვით ფირცხალავასთან” ფიქსირდება მისი სატელეფონო ზარი.
მას შემდეგ, რაც იდეალური ეჭვმიტანილი აღმოაჩინეს, შეიძლება მომხდარიყო ორიდან ერთი რამ: მოიპოვეს მისი დნმ, შეადარეს შემთხვევის ადგილიდან ამოღებულს, დაემთხვა და საქმე რეალურად გაიხსნა, ან მოიპოვეს სოსანაშვილის დნმ და ის ჩადეს შემთხვევის ადგილზე (ესეც უმარტივესი გასაკეთებელია).
თუ ვინმეს ჰგონია, რომ ოცნება სრულიად უდანაშაულო ადამიანს ასეთ მძიმე და რეზონანსულ დანაშაულს ვერ დააბრალებდა, შეუძლია ჩოკუტაევი გაიხსენოს. ასე რომ, ჯერჯერობით შანსები 50/50-ზეა”, - წერს შოთა უტიაშვილი.