-
2015-02-06 14:21
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი პატიმარ დიმა ხაჩიაშვილის გაქცევის ფაქტს „ფეისბუქიდან“ ეხმაურება.
„პატიმარი დიმა ხაჩიაშვილი, აი ის, რომ გაექცათ სასამართლო დარბაზიდან, დაუკავებიათ და მეორედაც გაქცეულა.
დიმა, შენ ყოფილხარ, ვინც ყოფილხარ, ძმაო. მე შენსკენ ვარ:)
ამათმა, მგონი, იმ ფილმის გადაღება დაიწყეს :)",- წერს ჟორჟოლიანი.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, სასამართლო დარბაზიდან გაქცეული დიმა ხაჩიაშვილი საპატრულო პოლიციამ გუშინწინ გვიან საღამოს, საგარეჯოს რაიონში, კახეთიდან თბილისისკენ მიმავალ ტაქსში აღმოაჩინა, მაგრამ ბრალდებულმა გაქცევა კვლავ მოახერხა.
დიმა ხაჩიაშვილმა სოფელ ველისციხეში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა ახალგაზრდა მამაკაცი. იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
ხაჩიაშვილი სასამართლო დარბაზიდან მას შემდეგ გაიპარა, რაც მას განაჩენი გამოუტანეს და აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.
ვიდრე მოსამართლე პოლიციას განჩინებას გადასცემდა, პოლიციის თანამშრომლებმა პატიმარი სასამართლო დარბაზში, რკინის გისოსში ჩაკეტეს, გასაღები კი იქვე მაგიდაზე დადეს და დარბაზიდან გავიდნენ. პატიმარმა გასაღების აღება, გისოსის კარის გახსნა და ფანჯრის გავლით გაპარვა მოახერხა. სასამართლო დარბაზში დაბრუნებულ პოლიციის თანამშრომლებს პატიმარი დარბაზში აღარ დახვდათ.