
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალექსანდრე ელისაშვილი ყაზბეგის გამზირზე მდებარე სკვერთან დაკავშირებით თბილისის ყველა გულშემატკივარს ულოცავს მიღწეულ გამარჯვებას.
„დიდი ჩხუბის, დავიდარაბის და ნერვების წყვეტის ფასად სკვერის გაჩეხვის მოსურნეებს, ქალაქის მტრებს და კორუფციის ლომებს გეგმის დიდი ნაწილი ჩაეშალათ.
მადლობა ჩემს გულიან და ფესვმაგარ საბურთალოელებს, ვაჟა ფშაველას 26 ნომრის მაცხოვრებლებს, რომლებმაც გუშინ საღამოს ეზოს სტადიონზე მტკიცე ფიცი დადეს, რომ ბოლომდე იომებდნენ.
ეს მათი შეუპოვრობის შედეგია! გენაცვალეთ მე თქვენ. მე დღეს დავით ნარმანიას პირობა მივეცი ზონალური საბჭოს სხდომაზე, რომ თუ საბჭო გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა, მე ჩემ დღევანდელ შეურაცხმყოფელ სიტყვებს ჩირგვში ჯდომასთან დაკავშირებით, უკან წავიღებდი და ბოდიშს მოვუხდიდი.
ახლა ვასრულებ ამ სიტყვას და პირადად მას ბოდიშს ვუხდი! მე ვისურვებ, რომ ჩემი ქალაქის მერი ასე მოიქცეს ყოველთვის - ქალაქის ინტერესი, მოსახლეობის ინტერესი უფრო მაღლა დააყენოს, ვიდრე ვიღაც "ცეხავიკი" ტიპების გავლენა.
დავით ბატონო, მიიღე ჩემი ბოდიში ! თუმცა ეს ნახევარი საქმეა - ეხლა ჯერი საკრებულოზეა. ეხლა საკრებულოში ბოლომდე უნდა მივიყვანოთ საქმე და ყაზბეგის გამზირზე სკვერს რეკრეაციული ზონის კუთვნილი სტატუსი დავუბრუნოთ.
ეს ქალაქი მოქალაქეებისაა და არა "ცეხავიკების", ეს ქალაქი ჩვენია, ამ ქალაქისთვის უნდა ვიბრძოლოთ! გენაცვალეთ ჩემო საბურთალოელებო",- წერს სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილი.