
სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" 21 დეკემბერს, თავდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია დაიგეგმა, რომლის მონაწილეებიც უწყების განცხადებას გააპროტესტებენ და მინისტრ მინდია ჯანელიძის გადადგომას მოითხოვენ.
"თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური პოზიცია უკრაინაში მებრძოლ ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინტერესებისთვის სამარცხვინოა და საფრთხის შემცველი.
მსგავსი განცხადებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას, სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება კი ნათლად მიუთითებს უწყების პოლიტიზირებულობაზე, რომელიც ალექსანდრეს გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას წინა ხელისუფლებას აკისრებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური Facebook გვერდზე მთელი დღის განმავლობაში მიზანმიმართულად იშლება განცხადების მიმართ უარყოფით კომენტარები!
უკრაინაში მებრძოლი ქართველები მოხალისედ ეწერებიან და უკრაინის თავისუფლებასთან ერთად იცავენ საკუთარი სამშობლოს ინტერესებეს!
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ომის დროს საქართველოს მხარეს რამდენიმე ასეული უკრაინელი იბრძოდა, რომლეთაგან 14 ვახტანგ გორგასლის მედლითაა დაჯილდოებული.
თავდაცვის მიერ გამოქვეყნებული განცხადება არის ღირსების შემლახველი თითოეული უკრაინაში მებრძოლისთვის, თითოეული ქართველი მებრძოლისთვის, თითოეული სამოქალაქო პირისთვის!
აუცილებელია თავდაცვის სამინისტრომ მოიხადოს ბოდიში და დადგეს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი, დაუყოვნებლივ გადადგეს მინდია ჯანელიძე!", - ნათქვამია ღონისძიების ანონსად გავრცელებულ განცხადებაში.