
ყოფილი თავდაცვის მინისტრის მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე ფიქრია ჩიხრაძეს იმ ინტერვიუსთვის ემადლიერება, რომელშიც პოლიტიკოსმა 2006 წელს გამართული თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დახურული სხდომის დეტალები გაახმაურა.
„ამ თემის შესახებ სიმართლე ბევრმა იცის და იმასაც ბევრი შეიგრძნობს, რა უწესო ბრძოლა მიდის, მაგრამ მხოლოდ ფიქრია ჩიხრაძემ იგრძნო თავი ვალდებულად, დაპირისპირებოდა უზნეობას.
მისთვის ეს არ უთხოვია არავის. ირაკლი არც ძმაა მისი და არც ბავშვობის მეგობარი. ეს იყო სიმართლის მოთხოვნილება, მისი საკუთარი გულიდან და ამიტომ არის ასმაგად ძვირფასი.
პროპაგანდა ოხერია, ერთი მხრივ მიდის ემზარ კვიციანის გმირად ასოცირება და პარალელურად დაუღალავი მუშაობა, რომ გმირის ავტორიტეტით აღჭურვილმა ხელი დაადოს კაცს, რომელიც კბილებით იბრძოდა მათთვის. შესაძლოა წლების ჩამოკლებასაც პირდებიან. ისიც ადამიანია, ალბათ დაიღალა ამდენი დევნით. ვუსურვებ, მაგრამ ვერ ვავალდებულებ ძალის შენარჩუნებას.
ამ სიტუაციებისგან რას მივიღებთ? დემორალიზებულ, ძალაგამოცლილ ადამიანებს, სიმართლის და თავდადების უაზრობას, ნებისმიერი ვაჟკაცობის და გმირობის კომიკურობად აღქმას და სიბინძურის ახალი ძალით აღზევებას. სიბინძურე ხომ ასე იკვებება და იკრებს ძალას. გამოცდილება გვაქვს.
დიდი მადლობა ფიქრიას და ყველას, ვინც უკომპრომისობის მაგალითს ქმნის ქვეყანაში“, - წერს ფანჯიკიძე.