
ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე მზადაა, ივანიშვილს შეახსენოს, რომ ირაკლი ალასანიას პირადად მისგან ფული არ აუღია, მაგრამ, როგორც თავად წერს, "ეს ოხერი, ცოლის სტატუსი" უშლის ხელს.
"სანამ ახალი წამოგვეწევა, ისევ მიმდინარე: დაბეჭდილა სადღაც, ივანიშვილმა ალასანიას ბინა აჩუქაო. მერე ეს თემა გადაინაწილა ვისაც გადანაწილება ეკუთვნოდა და სულ უმადურები გვეძახეს. ასეთ სტატიებს მოხალისეები არ წერენ, ყოველთვის დამკვეთი ყავს.
შინაარსმა აღმაფრთოვანა და ველი გაგრძელებას, მაგალითად ასეთს, რომ სულაც ივანიშვილმა ჩამოგვასახლა საქართველოში და გვაჩუქა მოქალაქეობა. თემასთან ახლოა და ფრენდის კედელზე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან ამონარიდი მოვისმინე, ერთადერთი ვინც ფულზე უარი მითხრა, გიორგი მარგველაშვილი იყოო.
ეს ოხერი ცოლის სტატუსი რომ ხელს მიშლის და ხმას ვერ ვიღებ, თორემ ხომ შევახსენებდი ბატონ ბიძინას, რომ მეორე ერთადერთი ირაკლი ალასანია იყო, ვისაც მისგან პირადი ფული არ აუღია. საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ ბატონმა ბიძინამ უპირველესად სწორედ ეს ორი აითვალწუნა. როგორც ჩანს, რაშიც არ გადაუხდია, საკუთრებად ვერ აღიქვა.
ყველას მინდა გამოცდილებაზე დაფუძნებით გირჩიოთ, არასოდეს არ ითანამშრომლოთ ბიძინა ივანიშვილთან უხელფასოდ. თუ თვითონ არ შემოგთავაზებთ, თქვენ მოსთხოვეთ, თორემ ჩვენს დღეში აღმოჩნდებით. ჯერ დაეჭვდება, მერე შეგიძულებთ და ბოლოს წარმოიდგენს, რომ რაც გაბადიათ, მისი ნაჩუქარია."- წერს ნათია ფანჯიკიძე.