-
2014-11-22 17:24
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებს სოციალურ ქსელში მიმართავს:
1. მათთვის, ვინც აღვივებს თემას, რომ ნატო-ში გაწევრიანება არარეალურია და საფრთხის მომტანია;
2. მათთვის, ვინც ამტკიცებს, რომ ნატო-ს გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი ილუზორულია;
3. მათთვის, ვისაც მიაჩნია, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის გასაღები რუსეთშია და კონკრეტულად ვ.პუტინის ხელშია ;
4. მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ თავდაცვითი საშუალებებით მომარაგება პროვოკაციული და მიშასეულია;
5. მათთვის, ვისაც ოდნავ მაინც ამის სჯერა, მინდა ნათლად და მკაფიოდ განვაცხადო:
ეულად, დიახ ეულად დარჩენილ, 180% შემობრუნებულ საქართველოს რუსეთი არასდროს დაუბრუნებს ტერიტორიებს, არამედ სრულად შეისრუტავს საქართველოს, თავის აფხაზეთით და სამაჩაბლოთი ევრაზიულ კავშირში. მანამდე კი რუსეთი მოითხოვს:
1. უარს ნატო-ში წევრობაზე;
2. უარს საქართველოს თავდაცვითი საშუალებებით უზრუნველყოფაზე;
3. უარს ევროპულ ბაზარზე,
4. თანხმობას რუსული შეიარაღების ტრანზიტისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენებაზე
5. თანხმობას აფხაზეთის რკინიგზაზე,
6. თანხმობას დაღესტანი-კახეთის გზატკეცილის ქართული მონაკვეთის რუსების მიერვე მშენებლობაზე,
7. თანხმობას მამისონის უღელტეხილზე ახალი გვირაბის გაყვანაზე,
8. თანხმობას კოდორის ხეობასთან შემაერთებელ კომუნიკაციებზე,
9. თანხმობას რუსული კომპანიებისთვის საქართველოს პორტების მიყიდვაზე,
10. თანხმობას რუსული კომპანიებისთვის საქართველოს გაზგამანწილებელი სისტემის პრივატიზებაში მონაწილეობაზე და ა.შ.
თუ ნატო-ში გაწევრიანება ილუზორულია, აბა ვინმეს გაქვთ ილუზია, რომ საქართველო ნატო-ზე უარს იტყვის და რუსეთი უკან წაიღებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარებას და სიხარულით გაგვიშვებს ევროკავშირში ყველას ერთად გასაწევრიანებლად?
მოეშვით ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრას. ვისაც "ერთმორწმუნე" დამლაგებლების გჯერათ, მიბრძანდით, აქედან იქეთ, ჩრდილოეთისკენ; გაგატარებთ.
იქედან აქეთ კი, ტანკის ლულაზე, ბებია იაგოს ცოცხსავით მომჯდარს, ვერც თქვენ და ვერც სპონსორეებს ძალიან ბოდიში პათეტიკისთვის, მაგრამ ვერ შემოგატარებთ. ცოცხალი ყოველ შემთხვევაში! საქმე ჩემს შვილებს, მათ თანატოლებს და მომავალ თაობების ბედს ეხება.
ამიტომაც მაინცდამაინც პათოსური მიმართვებისთვის ნამდვილად არ მცხელა! უბრალოდ, მე გაგაფრთხილეთ!“ - წერს ალექსი პეტრიაშვილი.