
„გზასთან“ ზურაბ ტყემალაძის ინტერვიუს ფრაგმენტი სოციალურ ქსელებში ფართო განხილვის საგანი მაშინვე გახდა, ხოლო დღეს გამოქვეყნებულმა მონაცემებმა მინისტრებისა და მათი მოადგილეების მიერ გამოწერილი პრემიების შესახებ ახალ პერიფრაზს დაუდო სათავე.
ზურაბ ტყემალაძე ამბობდა: „ამუშავდა სოფლის მეურნეობის პროექტები. დახმარებები სოციალურად დაუცველებს გაეზარდათ. პედაგოგების ხელფასები იზრდება და პენსიონერ პედაგოგს პენსიის მიღების საშუალებაც აქვს. ყველაფერი ეს ერთად რომ დავიანგარიშოთ, მხოლოდ 10 ლარით კი არა, სერიოზული ზრდა გამოდის... პენსია საარსებო მინიმუმს გაუთანაბრდა... 160 ლარი კი არ უნდა მეყოს, მე უნდა ვეყო 160 ლარს ”;
სანამ სახელისუფლო ბლოკის წარმომადგენლები იმაზე მსჯელობენ, არის თუ არა დაცინვა პენსიის გაზრდა მხოლოდ 10 ლარით და არა დაპირებულ 230 ლარამდე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისნიტრებისა და მათი მოადგილეების მიერ 2014 წლის იანვარ-აგვისტოში მიღებული ანაზღაურების - ხელფასისა და პრემიების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია.
აღმოჩნდა, რომ პენსიონერთან შედარებით კი მინისტრს 33-ჯერ, პარლამენტარს 25-ჯერ, პრეზიდენტს კი 44-ჯერ მეტი შემოსავალი აქვს.
ყველაზე მაღალი პრემია ალექსანდრე მარგიშვილმა მიიღო და ის 26 816 ლარს შეადგენს, მეორე და მესამე ადგილს მანანა ბერიკაშვილი და ბადრი ბაგრატიონი იკავებენ.
მთავრობის წევრებს შორის, ასევე იანვარ-აგვისტოში ყველაზე მაღალი სახელფასო დანამატები აიღეს ირაკლი ალასანიამ, თეა წულუკიანმა, მაია ფანჯიკიძემ, ნოდარ ხადურმა, თამარ ბერუჩაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ბიუჯეტში სახელფასო ფონდისთვის 350 მილიონია გამოყოფილი. 2014 წლის 8 თვის განმავლობაში კი მთავრობის წევრებმა სამ მილიონზე მეტი ლარი აიღეს და აქედან ნახევარზე მეტი პრემიისა და სახელფასო დანამატების სახით.
რაც შეეხება მინისტრებს, თეა წულუკიანმა რვა თვის განმავლობაში პრემიის და დანამატის სახით ხელფასის გარდა აიღო 34 180 ლარი, მაია ფანჯიკიძემ 31 680, ხადურმა 21 680, ზაქარეიშვილმა 21 680, სანიკიძემ 27 830, ალასანიამ 43 982, და ყველაზე პრინციპულმა ჩინოვნიკმა საქართველოში (ბერუჩაშვილმა, - რედ.), როდესაც ის იყო ფანჯიკიძის მოადგილე, აიღო 22 700 ლარი.
სოციალურ ქსელში პერიფრაზირებულად ეხმიანებიან თეა წულუკიანის განცხადებასაც, რომლის მიხედვითაც მას „პირდაპირ სახეში“ ეცა ირაკლი ალასანიას განცხადება, რომელიც ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ გააკეთა:
„თეა წულუკიანს გამოუწერია 34 180 ლარი პრემიის სახით:) კი არაფერი, უბრალოდ, პირდაპირ სახეში მეცა ეს ინფორმაცია“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი „ფეისბუქში“.