-
2014-11-17 16:50
გადაცემაში „იმედის კვირა“ გასულმა კადრებმა, რომელიც ასახავს მიხეილ სააკაშვილის მზადებას პირდაპირი ჩართვისთვის, სოციალურ ქსელში აქტიური გამოხმაურება გამოიწვია.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინგა გრიგოლიამ „ფეისბუქ-საზოგადოებას“ მოუწოდა: ნუ იძაბებით... შეხედეთ ხალისით. მართლა გამაკვირვა ზოგიერთის დაძაბვამ... მე ხალისით ვუყურებდიო.
ჟურნალისტის მიერ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე გამოეხმაურა, რასაც ინგა გრიგოლიას მხრიდან პაექრობა მოჰყვა.
„დასაძაბი ნამდვილად არაფერი იყო. მიუხედვად იმისა, რომ ზიანის მოტანაზე იყო გათვლილი. ასევე დეტალები და კონტექსტი ყოველთვის მნიშვნელოვანია. დროის მონაკვეთი ასევე. განსაკუთრებით ჟურნალისტიკაში ) ასე რომ, მართლაც იუმორით არის საყურებელი გუშინდელი დღის წარმატების შემდეგ:)
სიცხადისთვის: „იულია“ ანუ იულია მარუშევსკაია არის მაიდანის აქტივისტი, რომელმაც ჩაწერა და დაამზადა ვიდეოკლიპი „რატომ უნდა გახდეს უკარინა ევროპის ნაწილი“. კლიპს მილიონობით ნახვა დაუგროვდა. ასევე ეს გოგო იყო სწორედ ერთ-ერთი მათგანი, ვინც მაიდანზე სნაიპერის დახოცილი ხალხის ცხედრებს მორგში ყარაულობდა, რომ არ მოეპარათ და ექპერტიზა ჩატარებოდათ. სხვათაშორის, ამ გოგომ რამდენიმე თვის წინ, ამერიკაში ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, საკუთარი წიგნი გადასცა პრემიერ-მინისტრს...
...კიდევ პირველად გავიგე, რომ მზადება ჩართვისთის თურმე სხვა არაფერი ყოფილა, თუ არა „კულუარები“. ანუ მაგალითად, როდესაც პოლიტიკოსი თმას ივარცხნის, ან ტანსაცმელს იცვამს, ან შხაპს იღებს, ან პირადი ჰიგიენის მოგვარებითაა დაკავებული, ეს თურმე „კულუარია“ და არა რაღაცისთვის მზადება ან პირადი ხასიათის „შავი მასალა“. მიშას ცხვირსაცოხი „კულუარის“ მნიშვნელოვანი კომპონენტია:),“ - წერს დავით საყვარელიძე.
„ჯანმრთელი და აზრიანი კაცი ხარ.... რა ქვეტექსტებს ეძებ... ჩვეულებრივი კადრები იყო... არა ბოროტი... ხალისიანი... ნუ გამაკვირვე შენ მაინც,“ – „შეიცხადა“ ინგა გრიგოლიამ.
„ი.ღ.მ.ც.-ს (ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ცენტრი) დაფუძნება ბევრად უფრო ტრაგიკომიკურია, ვიდრე კიევში მოედანზე ნაციონალების „კულუარული“ საიდუმლო ჩართვა:), - დამოძღვრა ჟურნალისტი დავით საყვარელიძემ.
„ვიდეო იყო ძაან საინტერესო... კულუარები ყოველთვის საინტერესოა... მე არ მითქვამს სკანდალური კადრები-თქო. ვთქვი - კულუარები-თქო. რომელიმე ჟურნალისტი თუ მეტყვის, რომ ამ კადრებს არ გამოიყენებდა, უბრალოდ გავუღიმებ და ვეტყვი, რომ მას წარმატების ნული შანსი აქვს,“ - არ იშლიდა თავისას ინგა გრიგოლია.
„მე არ მინახავს შესავალი, რაც ამ კადრებს ახლდა. უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ეს არაა არც იმედის ექსკლუზივი, არც ხელში შემთხვევით ჩავარდნილი კადრები. ეს კადრები აღებულია საერთო სიგნალიდან, რომლის პარამეტრებიც თავად ჩვენმა პრესსამსახურმა მისცა ყველა ტვ-ს.
ასე რომ, ეგ კადრები საიდუმლო ნამდვილად არ იყო. ექსკლუზივად, მხოლოდ იმედის მონტაჟი შეიძლება ჩავთვალოთ,“ - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა და ახლა დიალოგი მასსა და ინგა გრიგოლიას შორის გაგრძელდა.
„ირმ... მე ვთქვი, ჩვენი ექსკლუზივია-თქო???? არ მითქვანს და შენ, პროფი რომ ხარ, ჟურნალისტურად რომ საინტერესოა კულუარები, ყველაზე კარგად იცი და არც ბოროტი განზრახვა არავის ჰქონია.... ვაჩვენეთ კულუარები და ეს კადრები, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ნებისმიერ საახალწლო გადაცემაში გადის ხოლმე... მე ვიხალისე და გამაკვირვა ზოგის მძაფრმა რეაქციამ...“ - თავი იმართლა გრიგოლიამ.
„ინგა მე ვთქვი, რომ შენ ასე თქვი? მე ვთქვი, რომ არ მინახავს შენ რა თქვი! დავადგენ. ასეთი ამბავი ატყდა, რომ კადრები გადაიჭირეს, მოიპარეს და ასე შემდეგ, საჭიროდ ჩავთვალე დამეწერა, რომ ეგ კადრები ყველას აქვს და მოპარული არაა, არც ხელში ჩავარდნილი. სიგნალი ყველას ჰქონდა, ჩვენ მოგეცით, მეტი არაფერი,“ - წერს ირმა ნადირაშვილი.