-
2014-11-16 12:58
მწერალი ლელა კოდალაშვილი სამგზავრო შიდასაქალაქო მარშრუტების ყვითელ ავტობუსებზე დაკვირვებას აგრძელებს და "ფეისბუქზე" ახალ ისტორიას აღწერს, რომელსაც თავად შეესწრო.
„ვაჰ, ესე იგი, აშკარად ნიჭიერი ხალხი ვართ, რაა... ნება-ნება მივდივარ დღეს მელიქიშვილზე - ასეც ხდება ხანდახან, თორემ ძირითადად გავრბვივარ ხოლმე. ჰოდა, გაჩერდა გვერდით ავტობუსი.
არა, არა, ზანგი არავის გადმოუგდია, დამშვიდდით... მშვენიერი თეთრი, ინტელიგენტურ თვალწარბიანი ქალი ჩამოვიდა თავისი კეთილი ნებით და მოსდევს მას მწვანეჟილეტიანი კაცი...
- ბილეთი, ქალბატონო...
- რატომ უნდა მქონდეს ბილეთი, მე ავტობუსით არ მიმგზავრია.
- როგორ არ გიმგზავრიათ, ქალბატონო, ჩემი თვალით დაგინახეთ, რომ ავტობუსიდან ჩამოხვედით.
- მერე რა, რომ ჩამოვედი. არ მიმგზავრია, აგერ, ფეხით მივდივარ ჩემთვის სახლში.
- სადაც გინდათ, იქ წადით, მაგრამ ავტობუსში ხომ იჯექით.
- ვიჯექი, მაგრამ არ მიმგზავრია. ავედი და ჩამოვედი.
- როგორ თუ ახვედით და ჩამოხვედით.
- აი, ასე, ავედი, ორი გაჩერება გავიარე და გადავიფიქრე ავტობუსით წასვლა და ჩამოვედი. ფეხით მივდივარ.
- თქვენს სახლამდე კიდევ არის გაჩერება?
- კი, ერთი გაჩერებაა...
- კარგით, მაშინ...
მოკლედ, მწვანეჟილეტიანი აშკარად კონსტიტუციური რელატივიზმის მსხვერპლი შეიქნა, ფითქინა ქალი კი გაკუსკუსდა თავისი ერთი გაჩერების დასალაშქრად...
და არ მომთხოვოთ ახლა ფოტომასალა, დიალოგის აუდიო ჩანაწერი, ავტობუსის ნომერი , ჰაერის სიმკვრივე მოლებში და მწვანეჟილეტიანის გრავიტაციული პოტენციალი", - წერს ლელა კოდალაშვილი.