პრეზიდენტის ადმინისტრაცია კოკი იონათამიშვილის წერილს ავრცელებს, სადაც იონათამშვილი პრეზიდენტს ბიზნესმენებთან შუამდგომლობას სთხოვს.
იონათამიშვილი წერს, რომ ვალებმა დაახრჩო და თუ პრეზიდენტი ბიზნესების გაყიდვაში დაეხმარება, ეს მისი გადარჩენა იქნება.
"ძალიან მაგარი და გამორჩეული პრეზიდენტი გვყავხართ, ვალში არ დაგრჩებით, მაქვს წილი ფირმა "საბურთალო 2007"-ში, 2 პროცენტი, ამ ფირმას აქვს საკუთარი უძრავი ქონება, შენობა, რომელშიც განთავსებულია ტექნიკის ჰიპერმარკეტი "გალაქსი", ის ქირაობს ფართს ჩვენგან ყოველთვიურად, ვიღებ 1000 დოლარს ჩემს წილად, შენობის ფართია 5 ათასი კვ/მ. სხვა მეწილეებმა ახლა წილი ვერ იყიდეს, წილის გაყიდვა და ორივე პროცენტის დათმობაში, მსურს 100 ათასი დოლარი", - ნათქვამია წერილში.
იონათამიშვილი აღნიშნავს, რომ მის პრობლემებთან დაკავშრებით საქმის კურსშია ქალაქის მერიც, რომელმაც საკრებულოს წევრს დახმარება არაერთხელ გაუწია:
"ბოდიშს გიხდით, რომ ასე დაგტვირთეთ, ამ წერილს ვერცერთ შემთხვევაში ვერ ვაპატიებ ჩემს თავს", - წერს დეპუტატი. წერილი სრულად ასე გამოიყურება:
""ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მოგმართავდით ასეთ კერძო და პრივატულ თემაზე... ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასე გავკადნიერდებოდი, მაგრამ ცხოვრებში ყველაფერი ხდება. საოცრად გაფასებთ, მაგრამ ამ წერილში ამაზე საუბარი არ გამომივა. მინდა გითხრათ, რომ არ ვთვლი, რომ რაიმე ისეთი მაქვს გაკეთებული, რომ ასე მომემართა თქვენთვის... მაგრამ რა არის, არის... წერაც კი მიმძიმეს და პირადად ხომ ამის თქმას საერთოდ ვერ მოვახერხებდი. მოკლედ, პრობლემა მაქვს, ისეთი როგორც ბევრს, არაფერი ორიგინალური, ვალებმა რომ იტყვიან, დამახრჩო. მოკლედ რომ გითხრათ, მსურს გთხოვოთ დახმარება... ისეთი პრობლემური გარემო მაქვს, რომ გავკადნიერდი და მოგმართეთ. თუ თქვენ შეგიძლიათ მიშუამდგომლოთ რომელიმე ბიზნესმენთან, მე მაქვს წილი ერთ "ბიზნესში", რომელსაც რიგი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორებისა ვერ ვყიდი და თუ ვინმე თქვენი შუამდგომლობის ხარჯზე დამეხმარებოდა, ჩემთვის ეს... არც კი ვიცი რა სიტყვა შევარჩიო, უპირობო გამოსავალს და გადარჩენას ნიშნავს. "ეს ბიზნესი" ცუდი არ არის, მაგრამ დღეს მხოლოდ თქვენი შუამდგომლობის ხარჯზე თუ დაინტერესდება ვინმე... თუ რა თქმა უნდა ამ თავხედობას შემინდობთ და დამეხმარებით, არც კი ვიცი, რა სიტყვები შევარჩიო, ეს ჩემი გადარჩენა იქნება. რაღაცეებში უბრალოდ სასტიკად არ გამიმართლა. გიგიმ ნაწილობრივ იცის ეს პრობლემები და რამდენიმეჯერ მაგრად მომეხმარა კიდეც, რის გამოც მისი მადლობელი ვარ, მაგრამ საბოლოოდ მოგვარება არ გამოვიდა...
მე მაქვს წილი ფირმა "საბურთალო 2007"-ში, 2 %. ამ ფირმას აქვს საკუთარი ქონება, შენობა, რომელიც განთავსებულია ტექნიკის ჰიპერმარკეტი "გალაქსი", პეკინის 46-ში. "გალაქსი" ქირაობს ფართს ჩვენგან, აქვს 15 წლიანი იჯარა, ყოველთვიურად ვიღებ 1000 დოლარზე მეტს ჩემს წილად. შენობის ფართია თითქმის 5 ათასი კვადრატული მეტრი, სარდაფის ჩათვლით. სხვა მეწილეებმა ახლა წილი ვერ იყიდეს. წილის გაყიდვა, 2 %-ის დათმობა ჯამში მსურს 100 ათას დოლარად".