
დაახლოებით საღამოს ათ საათზე ბორჯომში, ადგილობრივ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს რამდენიმე პირი დახვდა და სცემა.
როგორც დაზარალებული აცხადებს, თავდასხმა „ქართული ოცნების“ ბორჯომის შტაბის უფროსის 16 წლის ვაჟიშვილის ხელმძღვანელობით მოხდა. მისი თქმით, სწორედ შტაბის უფროსის ვაჟმა მიუგზავნა რამდენიმე პირი, მერე კი თავდასხმის ორგანიზატორის ოჯახის წევრები ცდილობდნენ დაეყოლიებინათ დაზარალებული, რომ პოლიციაში განცხადება არ შეეტანა, რაც ვერ მოახერხეს.
მომხდართან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები განცხადების გაკეთებას გეგმავენ. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ ცემის ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაზარალებული დაიკითხა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებული არასრულწლოვანია, პროცედურა მეურვის თანდასწრებით გაიმართა.