
სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გამოვლენილი იმ რეაქციის შემდეგ, რაც ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე რუსეთის სახელმწიფო დროშის გამოფენას მოჰყვა, სპონტანურად შეკრებილმა ფოთელებმა დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.
შეგახსენებთ, რომ სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ფოთის ცენტრში გადაღებული ფოტოები "ფეისბუქზე" აიტვირთა, ხოლო რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ცნობა, რომ ფოთში რუსეთის სახელმწიფო დროშის გამოფენა "ფაზისობა–2013" ფესტივალს უკავშირდებოდა.
ფესტივალში მონაწილე სხვა ქვეყნების დროშებთან ერთად, აღმაშენებლის ქუჩაზე რუსეთის სახელმწიფო დროშაც გაჩნდა, რამაც პროტესტი გამოიწვია, რადგან ფოთი ერთერთია იმ ქალაქთაგან, რომლებიც 2008 წელს, რუსეთ–საქართველოს ომის დროს დაზარალდა: ფოთში პორტის დაბომბვისას დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, რუსმა ოკუპანტებმა ჯერ ცეცხლი წაუკიდეს, შემდეგ კი ჩაძირეს სანაპირო დაცვის ქართული კატარღები, გაზიდეს პორტიდან ჯართი, ნავები და სხვა ინვენტარი, გაიყვანეს ქართველი სამხედროების კუთვნილი "ჰამერის" მარკის სამხედრო მანქანები, მძევლად აიყვანეს და სენაკის ოკუპირებულ ბაზაზე თვალახვეულ მდგომარეობაში გადაიყვანეს დატყვევებული ქართველი ჯარისკაცები.
ფოთის მერმა დავით სარსანიამ განაცხადა, რომ ფესტივალი "ფაზისობა–2013" არ ყოფილა ორგანიზებული ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ და მერიას არ გაუცია მითითება ქალაქის ცენტრში რუსეთის დროშის გამოფენაზე. მისივე თქმით, როცა მომხდარის შესახებ შეიტყო, გასცა განკარგულება, რუსეთის ყველა დროშა ჩამოეხსნათ, თუმცა, მანამდე ეს მოსახლეობამ თავად გააკეთა. ფოთის მერმა ასევე განაცხადა, რომ "ფაზისობა–2013" აღნიშვნაზე რუსეთის დელეგაცია მიწვეული არ არის.