-
2014-08-26 07:26
დონეცკის ოლქის ამბროსიევსკის რაიონში, დასახლებულ პუნქტ ზერკალნოესთან ახლოს უკრაინის არმიამ რუსი მედესანტეები აიყვანა. ტყვედ აყვანილი რუსი სამხედრო მოსამსახურეების ფოტოები ინტერნეტით გავრცელდა.
სამხედრო ტყვეები ივანოვოში დისლოცირებული რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო ჯარების 98-ე სვირის დივიზიის 331-ე პოლკის მოსამსახურეები არიან. მათ უკვე მისცეს ჩვენება უკრაინელ სამართალდამცველებს.
დაკავებულთა ჩვენებებიდან ირკვევა, რომ მედესანტეთა ბატალიონს 23 აგვისტოს დისლოკაციის ადგილი შეუცვალეს და როსტოვის ოლქში გადაისროლეს, ხოლო 24 აგვისტოს, დაახლოებით ღამის სამ საათზე დანაყოფში საბრძოლო განგაში გამოცხადდა და მიიღო ბრძანება, რომ განეხორციელებინათ მარში რამდენიმე ათეული მედესანტისგან შემდგარი კოლონით, რომელიც მედესანტეთა საბრძოლო მანქანებისგან (БМД) შედგებოდა. მხოლოდ ოფიცერთა შემადგენლობას განუმარტეს, რომ რუსული სამხედრო ტექნიკა უკრაინის ტერიტორიაზე აპირებდა შეჭრას.
რუსი სამხედრო მოსამსახურეების დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვალერი გელეტეიმ, მანვე სთხოვა მედიასაშუალებებს, გამოაქვეყნონ ტყვედ აყვანილი რუსი მედესანტეების ფოტოები და მაქსიმალურად გაავრცელონ მისი მიმართვა, რომელიც საგანგებოდ იყო დუბლირებული რუსულ ენაზე, რათა ის დაკავებულთა ოჯახის წევრებამდე და ახლობლებამდე მისულიყო.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართვაში ნათქვამია:
„დღეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტყვედ აიყვანეს ბევრი რუსი სამხედრო მოსამსახურე. ოფიციალურად ისინი სწავლებებზე იმყოფებიან რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა მხარეში, რეალურად კი მონაწილეობენ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში. მათმა ახლობლებმა არაფერი იციან მათი ადგილმდებარეობის შესახებ. ტერორისტები დაღუპულთა ცხედრებს სამშენებლო მასალებსა და ნარჩენებში მარხავენ, მათი ვინაობის შესახებ წარწერასაც არ ტოვებენ.
მე მივმართავ რუსი სამხედრო მოსამსახურეების ახლობლებსა და ნათესავებს: აუცილებლად და დაუყოვნებლივ გაიგეთ, სად იმყოფება სინამდვილეში თქვენი ახლობელი და გაიყვანეთ ისინი უკრაინიდან, სადაც იძულებულნი ხდებიან დაიღუპონ მხოლოდ კრემლის ჩინოვნიკების ახირებების გამო. მათ არ ანაღვლებთ თქვენი ქვეყნისა და თქვენი ნათესავების ბედი“.







