
საქართველოს შსს-ს კიდევ ერთი დამატებითი საგუშაგო იხსნება ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში, გალის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს, სანაპიროდან დაახლოებით 800 მეტრის დაშორებით.
სავარაუდოდ, საგუშაგოს განთავსება "კაზანტიპის რესპუბლიკისთვის" დათმობილ ტერიტორიაზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ჩატარებას უკავშირდება და უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღების აუცილებლობითაა განპირობებული. საგუშაგო იხსნება გზაზე, რომელიც განმუხურს გალის რაიონის სოფლებთან აკავშირებს. განმუხურს გალის რაიონის სოფლები გაგიდა და ფიჩორი ესაზღვრება.
აქამდე შსს-ს საგუშაგო განმუხურში სანაპიროსთან იყო განთავსებული. კეთილმოწყობილი სანაპიროს დასრულებისთანავე საგანგებო ლენტებით მონიშნულია ტერიტორია, რომლის იქეთ გადასვლა დამსვენებლებს ეკრძალებათ, რადგან იქედან რუსი ოკუპანტებისა და მარიონეტული ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია იწყება.
განმუხურის სანაპირო ანაკლიის მხარეს უკვე გაყოფილია რკინის ღობით, რომლის იქეთაც "კაზანტიპის რესპუბლიკის" ტერიტორია იწყება. გავრცელებული ინფორმაციით, 20-დან 30 აგვისტომდე განმუხურის სანაპირო მთლიანად დაიხურება დამსვენებლებისთვის და იქ მხოლოდ მათი შესვლა იქნება ნებადართული, ვისაც ფესტივალ "გენაცვალეს" ბილეთები და ვიზა აქვს.