
უკრაინის არმიის კოლონის დაცხრილვა, ალმოდებული უკრაინელი სამხედროები და საბოლოოდ, ჯავშანტექნიკაზე აღმართული უკრაინის დროშის შეცვლა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და რუსეთის დროშებით...
ასეთი და კიდევ სხვა ნიშანდობლივი ელემენტებით იყო გაჯერებული რუსული მოტოკლუბის „ღამის მგლების“ მიერ წარმოდგენილი ბაიკ-შოუ, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის მეორე არხზე, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
როგორც ვიქტორ იაკოვლევი წერს, ამ „ნაცისტურ-რაშისტულ წარმოდგენას არანაირი საერთო არ ჰქონდა ბაიკ-შოუსთან და საერთოდ, ის არცხვენს ბაიკერულ მოძრაობასაც“.
დამონტაჟებულ, მასალას თანდართულ ვიდეოში კარგად ჩანს მსვლელობის იმიტაცია სცენაზე და ამ მსვლელობის დროს შექმნილი უზარმაზარი ფაშისტური სვასტიკა.
„დროა, ფაშიზმზე გადამწყვეტი, მეთერთმეტე, სტალინური დარტყმა დაიწყოს“, - ამბობდა ბაიკ-შოუს წამყვანი და „ღამის მგლების“ ლიდერი ალექსანდრე ზალდასტანოვი, იგივე „ქირურგი“.
და რაც მთავარია, ამ წარმოდგენის გენერალური ხაზი იყო უკრაინასთან ომი. როგორც ვიქტორ იაკოვლევი წერს, „ძალიან შთამბეჭდავი იყო, როგორ დაწვეს და დაცხრილეს ჯავშანკოლონა უკრაინის დროშებით: როგორღაც, ერთიანად და „ძმურად“. და რაც ყველაზე მეტად საინტერესოა, ეს ყველაფერი რუსეთის სეხელმწიფო არხის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. მგონი, ყველაფერი დალაგდა და თავის ადგილზე დადგა“, - წერს ვიქტორ იაკოვლევი.
შეგახსენებთ, „ღამის მგლები“ ვლადიმირ პუტინის ფავორიტი ჯგუფია. ამასთან, ბაიკერებს არაერთხელ გამოუთქვამთ მზადყოფნა, დახმარებოდნენ ე.წ. მოხალისეებს დონეცკიდან და ლუგანსკიდან. ცნობილია ზალდასტანოვის განცხადებები თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების მხარდასაჭერად. „ღამის მგლების“ წევრები ყირიმშიც იყვნენ ჩასული და ადგილობრივ, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას შესთავაზეს სახელმწიფო შენობების დაცვა იმ შემთხვევაში, თუ იქ უკრაინის არმია გამოჩნდებოდა.
ცნობისთვის, „ღამის მგლების“ წევრები 2013 წელს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე საქართველოშიც იმყოფებოდნენ. ზალდასტანოვმა მაშინ განაცხადა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწვევით ჩამოვიდა და ეს მოწვევა პატრიარქის კიევში ვიზიტის დროს მიიღო, თუმცა საქართველოს საპატრიარქოდან ეს ინფორმაცია უარყვეს. ამავე დროს, ჩამოსული ბაიკერები „ქირურგის“ მეთაურობით პირადად მიიღო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
მოამზადა ლაშა ბერულავამ