
გუშინ საღამოს ისრაელის არმიამ სახმელეთო ოპერაცია დაიწყო ღაზის სექტორში. მას სემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ გასცა ბრძანება, არმია გადასულიყო ოპერაციის სახმელეთო ნაწილზე, შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს ღაზას სექტორის მიმართულებით და შეტევაზე გადავიდნენ.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახმელეთო ოპერაციის დაწყებიდან უკვე რვა პალესტინელი დაიღუპა. სახმელეთო ოპერაციის მიზანია იმ მიწისქვეშა გვირაბების განადგურება, რომელთა მეშვეობითაც ტერორისტები ისრაელის ტერიტორიაზე გადადიან.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა, ხოლო ბენიამინ ნათანიაჰუსთან სატელეფონო საუბარში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მას სთხოვა, თავი შეიკავოს ღაზის სექტორში ძალადობის ესკალაციისგან, თუმცა, ხაზი გაუსვა, რომ ისარელს აქვს თავდაცვისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის უფლება.