
აშშ-ის დაზვერვის ხელთ არსებული ინფორმაციით, „მალაიზიის ავიახაზების“ კუთვნილი ავიალაინერის ჩამოვარდნის მიზეზი მისი მიმართულებით გასროლილი „მიწა-ჰაერი“ კლასის რაკეტა გახდა. ამის შესახებ Wall Street Journal იტყობინება.
ამასთან, გამოცემა წერს, რომ დაზვერვის მონაცემებში დაფიქსირებულია აფეთქების მომენტი, თუმცა, ჯერჯერობით არ დასახელებულა გეოგრაფიული ადგილი, საიდანაც რაკეტა გაისროლეს. უფრო ადრე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი არ ჩამოვარდნილა უბედური შემთხვევის შედეგად და კატასტროფა „მიზანმიმართული ქმედების შედეგი“ იყო.
აშშ-ის დაზვერვის ვერსია არ გამორიცხავს უკვე არსებულ ვერსიას, რომლის მიხედვითაც თვითმფრინავს „ბუკიდან“ ესროლეს. „ბუკი“ თვითმავალი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსია, რომელიც სწორედ „მიწა-ჰაერი“ კლასის რაკეტებითაა აღჭურვილი. თვითმფრინავის სიმაღლის გათვალისწინებით, მას სწორედ „ბუკიდან“ გასროლილი რაკეტა მოხვდა. მომხდარი ტრაგედიიდან მოკლე ხანში უკრაინის ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება, სადაც ხაზი გაუსვა, რომ ანტიტერორისტული სპეცოპერაციის მოქმედების ზონაში უკრაინას „ბუკები“ არ გადაუსროლია.
ამავე დროს, ინტერნეტში გაჩნდა თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეო, სადაც აღბეჭდილია, როგორ გადაადგილდება სნეჟნოეში „ბუკი“.
ამ დრომდე ოფიციალურ ვერსიად არ ფიგურირებს „ბოინგისთვის“ რაკეტის მოხვედრის ვერსია, თუმცა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები როგორც უკრაინაში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში წერენ, რომ თვითმფრინავი დონბასში მოქმედმა ე.წ. მოხალისეთა თავდაცვითი რაზმების წევრებმა ჩამოაგდეს.
შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 295 ადამიანი, მათ შორის, 80 ბავშვი დაიღუპა. თვითმფრინავი რეისს ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით ასრულებდა.