
ამ წუთებში თელ-ავივში საბრძოლო განგაშია გამოცხადებული და უკვე გამოცხადდა საყოველთაო მობილიზაციაც - თელ-ავივში, იერუსალიმსა და ხაიფაში რაკეტები ცვივა და ფეთქდება, ისრაელის არმია უკვე დაიძრა ღაზას სექტორის მიმართულებით.
თელ-ავივში ეს უკვე მეორე შემთხვევაა დღის განმავლობაში, როცა საჰაერო განგაშის სირენა ჩაირთო. მდგომარეობა ღაზას სექტორში გამაგრებულ ტერორისტებსა და ისრაელს შორის მას შემდეგ გართულდა, რაც პალესტინის ავტონომიის ხელისუფლებამ და "ჰამასმა" კოალიციური შეთანხმება დადეს.
მანამდე ისრაელმა რაკეტებით წერტილოვანი დარტყმები მიაყენა ტერორისტთა ინფრასტრუქტურას ღაზას სექტორში - როგორც გავრცელებული ინფორმაცია ცხადყოფს, ამ მიმართულებით 50 რაკეტა გაუშვეს. "ჰამასმა" დაიწყო სიტუაციის ესკალაცია და მოუწევს ძვირად ზღოს ამისთვის", - განაცხადა ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ.
არაბულ სახელმწიფოთა ლიგამ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარება მოითხოვა, ხოლო ისრაელის ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, მაქსიმალურად მზადყოფნაში შეხვდეს სარაკეტო შეტევებს. ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ისრაელის სამი ქალაქის დაბომბვას, რომელიც თავის თავზე აიღო "ჰამასმა", მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ბოლო ინფორმაციით, დღეს IDF-მ (ისრაელის თავდაცვის არმია) გაანეიტრალა "ჰამასის" მცდელობა, შეჭრილიყო ისრაელის ტერიტორიაზე, რათა იქ კონკრეტული თავდასხმის ოპერაციები განეხორციელებინა. ამის ამსახველი უნიკალური ვიდეომასალა უკვე გავრცელდა ინტერნეტში.
ისრაელში შექმნილ ვითარებას "ფეისბუქში" ეხმიანებიან იქ მყოფი საქარტველოს მოქალაქეებიც. მამუკა დავარაშვილი წერს:
"ომი დაიწყო....!
17 რაკეტა გაისროლეს ტერორისტებმა, 2 რაკეტა გაეპარა საჰაერო თავდაცვას და ჩამოვარდა თელ ავივში...
ეს პირველი შემთხვევაა, როცა დაიბომბა თელ ავივი... ორივე რაკეტა ჩვენს გვერდითა ქუჩაზე დაეცა..."