
რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების 45-ე პოლკის სპეცრაზმის რამდენიმე ჯარისკაცი დაკრძალეს მოსკოვში, რომლებიც, რუსული მედიის ცნობით, "გაურკვეველ ვითარებაში" დაიღუპნენ. სავარაუდოდ, ჯარისკაცები უკრაინაში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციას ემსხვერპლნენ.
რუსული მედია ამის თაობაზე არაფერს წერს, მაგრამ რუსი სამხედრო ბლოგერები აღნიშნავენ: იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ბოლო დროს არ ჩატარებულა არცერთი ოპერაცია, სადაც საჰაერო-სადესანტო ძალების სპეცრაზმი მონაწილეობდა, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ არაფერია ცნობილი მომხდარი ჯგუფური უბედური შემთხვევის შესახებ, სავარაუდოდ, 45-ე პოლკის სპეცრაზმის ჯარისკაცები უკრაინის აღმოსავლეთში ტერორისტების მხარეს იბრძოდნენ და ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაიღუპნენ.
ცნობისთვის: რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების 45-ე პოლკის სპეცრაზმი აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში - ის გორში იყო გადასროლილი. როგორც გორელები იხსენებენ, ამ პოლკის ,,ავტოგრაფები" უხვად იყო 2008 წლის აგვისტოში გორის სატელევიზიო ანძასა და სარელეო სადგურის კედლებზე. ავტოგრაფების დატოვებამდე მთლიანად გაანადგურეს სადგური და ანძაზე განთავსებული გადამცემების დიდი ნაწილი. მათ სინდისზეა ასევე სატელევიზიო სადგურის მოკლული თანამშრომლის სისხლიც.