
მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა მორატორიუმის გაუქმების შესახებ განაცხადა და უკრაინის არმიამ და შსს-მ აღმოსავლეთ რეგიონებში სპეცოპერაცია განაახლა, უკრაინელი ძალოვნების მხარეს ტერორისტები გადადიან და მათ სეპარატისტული დაჯგუფებების ადგილსამყოფელსა და საბრძოლო გეგმებს უმხელენ, -
ამის შესახებ ანტიტერორისტული სპეცოპერაციის პრესსამსახურში განაცხადეს. მათი განცხადებით, ტერორისტები, რომლებიც მიხვდნენ, რომ უკრაინული არმიისთვის წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს, ინდივიდუალურად და ჯგუფურად გადადიან სახელისუფლო ძალების მხარეს, ასევე სატელეფონო რეჟიმში ითხოვენ ხელშეუხებლობის გარანტიებს და სანაცვლოდ არმიის ოფიცრებს ტერორისტთა დისლოკაციის შესახებ მონაცემებს აწვდიან.
დილიდან ბრძოლები მიმდინარეობს დონეცკის ოლქში, განსაკუთრებით მძაფრი შეტაკებებია მარინკისა და კარლოვკის ზონაში. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო და საარტილერიო წერტილოვანი დარტყმები დაიწყეს ტერორისტთა დისლოკაციის ადგილებზე.
სროლისა და აფეთქების ხმა ისმის კრამატორსკში: იქ სამარშრუტო ავტობუსი ცეცხლის ზონაში მოჰყვა, დაიღუპა 4, ხოლო დაიჭრა 5 ადამიანი. ოთხი აფეთქება მოხდა დილის საათებში დონეცკის სარკინიგზო მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე.