გალის რაიონში, შესაძლოა, ქართველთა მასობრივი გააფხაზების პროცესი დაიწყოს: აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება, გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თემურ ნადარაიას მეთაურობით ყველაფერს აკეთებს, რათა ეთნიკურმა ქართველებმა გვარი გადაიკეთონ და "ფესვებს დაუბრუნდნენ".
19 ივლისს, გალის დღის აღნიშვნის პარალელურად, გალის კულტურის სახლმა ე.წ. სამურზაყანოელ აფხაზთა პირველ ყრილობას უმასპინძლა.
"სამურზაყანოელ აფხაზთა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ", რომლის ინიციატივითაც ყრილობა ჩატარდა, რეზოლუცია მიიღო, სადაც პირდაპირაა დაანონსებული გალის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველთა მორიგი შევიწროების გეგმა.
რეზოლუციის პირველივე პუნქტში აღნიშნულია:
"ჩვენ, სამურზაყანოელ აფხაზთა ორგანიზაციის წევრები, მივმართავთ აფხაზეთის აღმოსავლეთ რაიონების ყველა მცხოვრებს, რომელთა გვარები და ეროვნება სტალინისა და ბერიას დროს შეიცვალა და ძალადობრივ ასიმილაციას დაექვემდებარა, გაიხსენონ თავიანთი ფესვები და გააკეთონ ყველაფერი, რაც მათზეა დამოკიდებული, რათა დაუბრუნდნენ თავიანთ ფესვებს, ქვეყნის მომავლის საკეთილდღეოდ".
რეზოლუციაში კიდევ სამი მუხლია, სადაც ავტორები ე.წ. პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს, ასევე, აფხაზეთის დასავლეთში მცხოვრებ აფხაზებს მიმართავენ და კანონმდებლობაში ცვლილებებს ითხოვენ, რათა გვარის შეცვლა გამარტივდეს, ხოლო "სამურზაყანოელი აფხაზების" ბავშვებს შეექმნათ მაქსიმალური პირობები და კომფორტი - გაიხსნას მათთვის სკოლები, ინტერნატი, მიეცეთ ინტეგრირების საშუალება.
"აფხაზიზაციის" პროცესი გალის რაიონში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდა. ცოტა ხნის წინ თემურ ნადარაია "სამურზაყანოელ აფხაზთა ორგანიზაციის" წარმომადგენლებსაც შეხვდა და ყრილობაც სწორედ მაშინ დაიგეგმა.
გალის რაიონში მიმდინარე პროცესებსა და ყრილობაზე მიღებული რეზოლუციის შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან არ გაკეთებულა.