
ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა რუსეთს დააკისრა პასუხისმგებლობა სირიის სამხედრო ბანაკზე ავიადარტყმების გამო, - ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.
დამასკოში ამტკიცებენ, რომ საჰაერო თავდასხმა საერთაშორისო კოალიციის თვითმფრინავებმა, აშშ-ის მეთაურობით განახორციელეს, რასაც „როიტერის“ წყარო კატეგორიულად უარყოფს.
ორშაბათს დილით ცალკეულმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო კოალიციის ძალებმა განახორციელეს საჰაერო შეტევა დეირ-ეზ-ზორში განთავსებულ ბაშარ ასადის არმიის ბანაკზე. შეტევის სამიზნე „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები იყვნენ, თუმცა, დარტყმის შედეგად სირიელი სამხედროები დაიღუპნენ. დადასტურებულია, რომ ცხრა სარაკეტო დარტყმის შედეგად სამი სამხედრო პირი დაიღუპა. სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტთან დაკავშირებით გაეროში წერილი გააგზავნა.
ამასთან, საერთაშორისო კოალიციამ უარყო რაიმე კავშირი ამ საჰაერო თავდასხმასთან. კოალიციასთან არსებულ საკითხებში პრეზიდენტ ობამას სპეცწარმომადგენელმა განაცხადა, რომ კოალიციის თვითმფრინავებმა იმ დღეს დარტყმები განახორციელეს 55 კმ-ის დაშორებით იმ ადგილიდან, სადაც რაკეტები ჩამოაგდეს.