-
2015-04-18 23:45
უკრაინის ატო-ს ზონაში, შიროკინოსთან დაღუპული ქართველი მებრძოლის გიორგი ჯანელიძის (საბრძოლო მეტსახელი "სატანა") ცხედრის გამოსაყვანად ბატალიონ "აზოვის" მებრძოლებმა სპეცოპერაცია წამოიწყეს. გიორგი ჯანელიძე დღეს, შიროკინოსთან მიმდინარე ოთხსაათიანი ბრძოლის ბოლო პერიოდში დაიღუპა.
გიორგი ჯანელიძე შეტაკებებში თავში მიღებული ჭრილობით მონაწილეობდა. ის ორი დღის წინ დაიჭრა და ექიმების რჩევის მიუხედავად, საბრძოლო პოზიციებზე მაინც გავიდა. ჯანელიძე "აზოვის" შემადგენლობაში ცნობილი იყო, როგორც კარგი, დისციპლინირებული მეომარი.
საბრძოლო შეტაკებების დროს, ორი დღის წინ, მასთან ერთად დაიჭრა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი - დავით სულეიმანაშვილი, ხოლო "აზოვის" ქართველმა მებრძოლებმა გაავრცელეს პოზიციებზე გადაღებული ვიდეო, სადაც აწ უკვე დაღუპული გიორგი ჯანელიძე სულეიმანაშვილს მოიკითხავს და მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს. კადრიდანაც ჩანს, რომ მას თავი აქვს შეხვეული.
უკრაინიდან მიღებული ინფორმაციით, შიროკინოსთან ამ დროისთვის აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს. "აზოვის" ცალკეული ჯგუფი პოზიციების სიღრმიდან გიორგი ჯანელიძის ცხედრის გადმოსვენებას ცდილობს.
