-
2013-11-04 21:51
პრეზიდენტის ინაუგურაციის მოსამზადებემა კომისიამ გადაწყვიტა, რომ რიტუალი ყოფილი პარლამენტის შენობის შიდა ეზოში გაიმართება და ინაუგურაციაზე სააკაშვილსა და შევარდნაძეს მოიწვევენ.
ამის შესახებ ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.
ფანჯიკიძე ამბობს, რომ 27 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა ნამდვილი ევროპული სტანდარტის აჩევნები და, შესაბამისად, ინაუგურაციაც ევროპული სტანდარტის იქნება.
„გადავწყვიტეთ ინაუგურაცია ჩატარდეს თბილისში, პარლამენტის შიდა ეზოში. გარდა ამ ღონისძიებისა, აუცილებლად იქნება სამხედრო კომპონენტი, შესრულდება საქართველოს ჰიმნი, იქნება დროშის აღმართვა", - განაცხადა მინისტრმა.
ფანჯიკიძე აცხადებს, რომ 17 ნოემბერს ინაუგურაციისადმი მიძღვნილი ოთხი ღონისძიება გაიმართება. კერძოდ, ერთი პარლამენტის ეზოში, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ფიცს დადებს, ხოლო შემდეგ ის გაემგზავრება გმირთა მოედანზე, სადაც პატივს მიაგებს საქართველოს გმირებს. კიდევ ერთი ღონისძიება არის საზეიმო კონცერტი, რომელიც სავარაუდოდ რუსთაველის თეატრში ჩატარდება, ხოლო მეოთხე ღონისძიება არის უცხოელი სტუმრებისათვის დაგეგმილი მიღება.
რაც შეეხება სამხედრო კომპონენტს, ფანჯიკიძის განცხადებით, ინაუგურაციაზე არ იქნება არც ავიაცია და არც მძიმე ტექნიკა, არამედ წარმოდგენილი იქნება პირადი შემადგენლობა. საზეიმო კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებენ მოწვეული შემსრულებლები.
ფანჯიკიძის განმარტებით, პარლამენტის შიდა ეზო შეირჩა იმიტომ, რომ ამით თავიდან იქნება აცილებული რუსთაველის გამზირის გადაკეტვა და ქუჩების პარალიზება. "ჩვენ სულ 70-მდე მოსაწვევი გავგზავნეთ პარტნიორ ქვეყნებში. მათ შორის არ იქნება რუსეთის დელეგაცია", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
რაც შეეხება ღონისძიებებს, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ღონისძიებები 17 ნოემბერს 13:00 საათიდან დაიწყება, ხოლო კონცერტი - 18:00 საათის შემდეგ იგეგმება.