
ბიზნესმენ ლევან ვასაძეს მიაჩნია, რომ რუსეთი საქართველოს ერთერთი გამაერთიანებელია ფარნავაზთან, გორგასალთან და აღმაშენებელთან ერთად.
ამის შესახებ ბიზნესმენმა ინგა გრიგოლიას გადაცემაში "დიდი პოლიტიკა", "ტვ3"-ის ეთერში განაცხადა:
„დაქუცმაცებული საქართველო გააერთიანეს ოთხჯერ: ფარნავაზმა, ვახტანგ გორგასალმა, დავით აღმაშენებელმა და რუსებმა. ჩვენი ენერგიით, იმ უდღეურმა ნოე ჟორდანიამ, 33 თვე რომ გაძლო რესპუბლიკამ, ვერაფერი გააკეთა", - ამბობს ვასაძე.
"და თქვენ ფიქრობთ, ჩვენ გავყრიდით იმ თურქებს ბათუმიდან და დავიბრუნებდით აჭარას, რომ არა რუსეთის იმპერია? უბრალოდ, ბოლოს რუსეთის იმპერიაში აღმოვჩნდით, თორემ მონარქია რომ გამაერთიანებელი იყო, ამაზე დავა არც ღირს...“, - ამატებს ლევან ვასაძე.
მისივე თქმით, არაა მართებული საკითხის დასმა ამ კუთხით: "ვინ არჩენს მეფის ოჯახს?"
"
„მიხეილ სააკაშვილმა ამ ქვეყნიდან 7 თუ 8 მილიარდი გაიტანა, მე არ ვიცი, არ ვარ პროკურორი და ჩემი საქმე არ არის, ვინც საჭიროა, გამოიძიებს...
კოლოსალური კორუფციის წევრი ვიყავით ჩვენ. და ახლა ამ საზოგადოების მხრიდან იმაზე ლაპარაკი, რომ „ახლა ესენი არჩინე, ხალხი შიმშილით კვდება“, უკაცრავად რა...
არავინ არჩინოთ, გენაცვალე, ვის რაში ჭირდებით, პირიქით, მე გეტყვით, რომ ეს წყობა უამრავ ფულს მოუტანს საქართველოს, ამას გეუბნებით, როგორც პროფესიონალი ბიზნესმენი...
ამერიკა და მსგავსი ქვეყნები მთლიანად უარყოფს მონარქიის იდეას, რადგან ეს სხვა რამეზე აღმოცენებული სახელმწიფოებია, მაგრამ უკაცრავად, ჩვენ არ ვართ ახალი სამყაროს ნაწილი...“, - თქვა ლევან ვასაძემ.
ლევან ვასაძის განცხადებით, ქართველი ხალხის ფსიქოლოგიაში, მენტალიტეტში, დიდი ადგილი უკავია მონარქიას:
"დააკვირდით ბიძინა ივანიშვილის მაგალითს, როგორ უყურებენ მას, რომელიც, ჩემი აზრით, ნამდვილად არის მხსნელი, რომელმაც გადაარჩინა საქართველო... აი, ახლა მიდის და იმის მიუხედავად, რომ ყველამ კარგად ვიცით, არსადაც არ მიდის, მაინც ვნერვიულობთ. რატომ? იმიტომ რომ ხალხის მენტალიტეტში ეს ზის და ამაში სამარცხვინო არაფერი არ არის...", - აცხადებს ლევან ვასაძე.
ვასაძემ ისტორიაც გაიხსენა და განაცხადა, რომ ფაშიზმმა ვერაფერი დააკლო მონარქიებს: „ავიღოთ, მაგალითად, ფაშიზმი. რა მოხდა? ფაშიზმმა გადაურა რესპუბლიკებს, მაგრამ ვერაფერი დააკლო მონარქიებს. გავიხსენოთ თუნდაც გვიანდელი მაგალითები ევროპაში.
1981 წელს ესპანეთში მოხდა ხუნტა, პუტჩი. გამოვიდა ხუან კარლოსი სამხედრო ფორმაში, უთხრა ჯარისკაცებს, დაეტიეთ ყაზარმებშიო და პუტჩი ჩაიშალა“, - თქვა ვასაძემ.
მისი აზრით, მონარქია ერთადერთი გამაერთიანებელია ერებს შორის ურთიერთობაში და ერთადერთი გამოსავალი აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის მოსაგვარებლად, შესაძლოა, მხოლოდ კონსტიტუციური მონარქია იყოს:
„ამას დრო სჭირდება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ კონსტიტუციური მონარქია გამაერთიანებელი იქნება საქართველოსთვის“, - აცხადებს ლევან ვასაძე გადაცემაში "დიდი პოლიტიკა".