
საქართველოს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქციების პრეზიდენტსა და მთავრობას შორის გადანაწილებაზე მუშაობს:
"ერთის მხრივ, ახალ საკონსტიტუციო რეალობაში კრიზისული სიტუაციების ოპერატიული მართვა სწორედაც რომ მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის კომპეტენციაა. მეორე მხრივ, არსებობს კრიზისის პოლიტიკური მართვის კომპონენტიც, სადაც კონსტიტუციის მიხედვით, გარკვეული კომპეტენციები პრეზიდენტს გააჩნია. შესაბამისად, ჩვენ ამ რეალობიდან გამომდინარე ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, როგორ ეფექტურად ვამუშაოთ ის სტრუქტურა, რაც იყო თავიდან ბოლომდე პრეზიდენტის ქვეშ,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.