
მცირე ზომის გემის "სტელას" ქართველ კაპიტანს, რომელიც გემის ჩაძირვის შემდეგ გაუჩინარდა, ბერძენი მაშველები ამ დრომდე ეძებენ, თუმცა, უშედეგოდ.
გემი ორი დღის წინ, ეგეოსის ზღვაში ჩაიძირა. ეკიპაჟის ექვსი წევრიდან ხუთი გადარჩა. ისინი მაშველებმა როდოსის საავადმყოფოში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც ნავებით მოახერხეს ღია ზღვაში დარჩენა გემის ჩაძირვის შემდეგ.
ეკიპაჟის ყველა წევრი ქართველია. გადარჩენილ მეზღვაურებს დღეს ან ხვალ სამშობლოში გადაიყვანენ, კაპიტანს კი ბერძენი მაშველები, უკვე მესამე დღეა, ეძებენ.
ქართველი მაშველები აცხადებენ, რომ ბერძენ კოლეგებთან ინტენსიური კავშირი აქვთ, მაგრამ საიმედო ინფორმაცია მათგან არ მიუღიათ. გაუჩინარებული გემის კაპიტნის ოჯახი, რომელიც ბათუმში ცხოვრობს, ქართულ მხარეს სთხოვს, ყველაფერი გააკეთონ კაპიტნის აღმოსაჩენად, რომელმაც გემი, სავარაუდოდ, ყველაზე ბოლოს დატოვა.