
„ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს. მისი მიმართვა სააგენტო "პრაიმერზე" გამოქვეყნდა.
„ბატონო პრემიერო, ქვეყანა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას, წინ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაა. შეგახსენებთ, ამ ქვეყანაში რედაქტორების მოსმენების გამო შინაგან საქმეთა მინისტრი შოთა კვირაია თანამდებობიდან გადააყენეს. (თქვენ მაშინ პატარა იყავით და არაა გამორიცხული, ეს არ იცოდეთ) გავრცელდა ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების სატელეფონო ჩანაწერები.
არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ ქვეყნის მეორე პირს პირველი პირის თანხმობის გარეშე რიგითი „ოტოშნიკი“ უსმენდა. რადგან იმ მომენტისთვის, ანუ 2013 წელს შინაგან საქმეთა მინისტრი თქვენ ბრძანდებოდით, საკუთარ თავს ხომ არ დასჯით?
ამიტომ თანამდებობიდან უნდა გადააყენოთ შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზედელაშვილი. რატომ? იმიტომ, რომ უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერები ეკა კვესიტაძის ხელში აღმოჩნდა. ყოველი შემთხვევისთვის, შეგახსენებთ, რომ გელა ხვედელიძის სკანდალიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა.
P.S. ეკა კვესიტაძის გადაცემა არ მომეწონა, სუსტი იყო, ბევრად უკეთესად შეიძლებოდა“ – ნათქვამია ელისო კილაძის განცხადებაში.