
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა, ისაუბრა რა „რუსთავი-2“-ის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე, მინიშნების შემცველი კომენტარი გააკეთა, რომლის ადრესატი, სავარაუდოდ, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო.
„არ უნდა იყოს პოლიტიკოსებისგან მცდელობა, აჩვენონ, რომ რეალური ვითარება იციან მათზე უკეთ, ვინც ამ რეალობას იკვლევს და ზომავს“, - განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა „რუსთავი-2“-ისთვის მიცემულ კომენტარში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრმა ტელეკომპანიაში გადაღებული ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების პირველივე დღეს განაცხადა, რომ "რუსთავი-2"-ს იმპროვიზაცია უყვარს, ხოლო გუშინ გადაცემაში "რეაქცია" "რუსთავი-2"-ის მიერ გახმაურებულ ფაქტებს "კარგად დაგეგმილი პროვოკაცია" უწოდა.
ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა მთლიანობაში განაცფხადა:
"მნიშვნელოვანია, სიტყვის თავისუფლება შევინარჩუნოთ არა მხოლოდ დეკლარაციებით, არამედ მივცეთ შესაძლებლობა მათ, ვინც ამ სფეროში მუშაობენ, შეასრულონ საკუთარი სამუშაო დამატებითი სირთულეების, ეკონომოკური დაინტერესებისა და საიდუმლოების გამჟღავნების საფრთხის გარეშე.
ასევე არ უნდა იყოს პოლიტიკოსებისგან მცდელობა, აჩვენონ, რომ რეალური ვითარება იციან მათზე უკეთ, ვინც ამ რეალობას იკვლევს და ზომავს.
სოციოლოგიური კვლევის ორგანიზაციებს უნდა მიეცეთ საშუალება, ასახონ რეალობა ჩარევის გარეშე”, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა მთლიანობაში.