-
2014-11-12 21:06
რუსთავში გაზის გაჟონვის შედეგად, გაბელაიების ოჯახის ყველა წევრი დაიღუპა.
როგორც მეზობლები ყვებიან, ოჯახის მამას, გია გაბელაიას შვილები ყოველ დილას ეზოში სასეირნოდ ჩაჰყავდა და რადგან დღეს დილას მათი ბინიდან არავითარი ხმა არ გამოსულა, მეზობლებმა ჯერ თავად სცადეს გაერკვიათ, რა ხდებოდა გაბელაიების ოჯახში, შემდეგ კი, იმავე სადარბაზოში მცხოვრებ გიას მამას დაუკავშირდნენ...
„ეს საცოდაობა, რაც ვნახე, არასოდეს დამავიწყდება. ხმაურზე გარეთ გამოვიხედე, გიას მამა იდგა და ხელში რკინის ძალაყინი ეჭირა, კარებს ანგრევდნენ, მივხვდი, რომ რაღაც გაზთან იყო დაკავშირებული...
მეზობელს დაუკაკუნებია კარზე და არავინ გაუღო, - სასეირნოდ წასულები ეგონათ, რადგან ძალიან მზრუნველი მამა იყო და სამუშაოზე წასვლამდე, ბავშვებს ყოველ დილას სუფთა ჰაერზე ასეირნებდა. კი გაჰკვირვებია, დედა მაინც უნდა იყოს სახლშიო, მერე ჩამიჩუმი რომ არ ისმოდა, დაეჭვებულა, რადგან იმ ოჯახში სადაც ბავშვებია, ასეთი სიჩუმე უცნაურია. ხომ არაფერი მოხდაო და გიას მამასაც დაკავშირებია...
კარების შენგრევისთანავე ის კაცი ოთახში შევარდა და არაადამიანური ხმა აღმოხდა, - საცოდავ გიას, სამზარეულოში ეძინა თურმე და საწოლზე იყო გადავარდნილი, სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. იქიდან საძინებელში შევცვივდით, - იქნებ ბავშვები მაინც გადარჩნენო, - უფროსი, ნიკუშა, 2 წლის იყო, პატარა, ნინიკო თებერვალში ხდებოდა 1-ის...…
ორივე შვილს დედასთან ეძინა თურმე. ეტყობა, ქეთი, ბავშვების დედა, ლოგინიდან წამოიწია, მაგრამ გონება დაკარგა და იქვე დავარდა. არც დედას ეტყობოდა სიცოცხლის ნიშან-წყალი. ბავშვები ჯერ კიდევ თბილი იყვნენ და იმედი გვქონდა, იქნებ რამე უშველონო.
ის ქალი, ვინც მათ საძინებელში პირველი შევიდა და ბავშვები გამოიყვანა, ადამიანს აღარ ჰგავს. კარგა ხანს გაოგნებული იდგა... ნიკუშას ცხედარი რომ ვნახე, სანამ პროზექტურაში წაიყვანდნენ, ლურჯი და წითელი ლაქები შევამჩნიე, როგორც "ცე ო-ს" ახასიათებს.
როგორც ამბობენ, გიას უბანავია და ეტყობოდა, წყლის გამათბობელი გაზს აპარებდა... ოთახიდან ოთახში გასასვლელი კარები ღია იყო და ამიტომ მთელ სახლში გავრცელდა მომწამვლელი აირი. ჩვენ რომ შევედით, ჯერ კიდევ იყო სუნი ოთახში შემორჩენილი...
ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდა, ის კაცი თავად ხელოსანი იყო და ჩემს სახლში კი არა, გარშემო, დევნილთა დასახლებაში ყველაფერი მაგის გაკეთებულია, “ - ყვება ირინა, დაღუპული ოჯახის მეზობელი.
kvirispalitra.ge