
5 ნოემბერს, ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო-საზოგადოებრივი ფონდის მე-14-ე ყოველწლიური საერთაშორისო საეკლესიო-მუსიკალური საკონცერტო - საგუნდო პროგრამა, „მართლმადიდებელი რუსეთის ხმები" გაიმართა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თხოვნით, "მართლმადიდებელი ხალხების ერთობის საერთაშორისო ფონდის" ყოველწლიური კულტურული პროგრამა - "მართლმადიდებელი რუსეთის ხმები" - საქართველოში სექტემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა, მისი ჩატარება ნოემბრამდე ვერ მოხერხდა.
რუსეთის მედიის ცნობით, "მართლმადიდებელი რუსეთის ხმების" საქართველოში ჩატარების გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის ფარგლებში გადაწყდა. აღნიშნული ღონისძიება 2001 წლიდან იმართება და ითვალისწინებს რუსული სასულიერო მუსიკის შემსრულებელი რუსეთის საგუნდო კოლექტივების სხვადასხვა ქვეყანაში გამოსვლების ორგანიზებას.
"მართლმადიდებელი ხალხების ერთობის საერთაშორისო ფონდის" სამეურვეო საბჭოს რუსეთის პატრიარქი კირილი ხელმძღვანელობს.
სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქი ილია მეორე 2013 წლის იანვარში გახდა „მართლმადიდებელი ხალხების ერთობის საერთაშორისო ფონდის" პრემიის ლაურეატი. ილია მეორეს გადაეცა პრემია "მართლმადიდებელი ხალხების ერთობის განმტკიცებაში გამორჩეული წვლილისა და საზოგადოების ცხოვრებაში ქრისტიანული ღირებულებების დამკვიდრებისა და განვითარებისთვის".