-
2014-11-11 11:00
ჟურნალისტი და ბლოგერი ნანა ზარდიაშვილი დღეს, ავადმყოფობის შემდეგ, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ნანა ზარდიაშვილი ცნობილი ტელეჟურნალისტი, შემდეგ კი ბლოგერი იყო. მისი წერის მანერა დიდ მოწონებას იმსახურებდა. წერდა აქტუალურ, ცხოვრებისეულ საკითხებზე, მათ შორის, თანამედროვე ცივილიზაციის დილემად ქცეულ არჩევანზე: ტელევიზორის ეკრანი თუ წიგნები...
2007 წელს გამოქვეყნებულ ტექსტში "რეიტინგის დიქტატურა", ნანა ზარდიაშვილი წერს:
"...ყველა ციკლში, რომლის ავტორიც ვიყავი, ნოვაციას და ნოვატორებს, რეფორმებსა და რეფომატორებს ვაქებდი. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, თანადროულობისადმი ადეკვატურობა მაინც მაკლდა. სულ ვოცნებობდი ერთი-ორი ისეთი საგანმანათლებლო ციკლი წამომეწყო, რომელიც მასობრივ მაყურებელს არ გაითვალისწინებდა და მცირე, სპეციფიკურ სამიზნე ჯგუფზე იქნებოდა გათვლილი.
მით უფრო, რომ არხი, რომელზეც ვმუშაობდი საგანმანათლებლო მაწუყებლობას თავის უმთავრეს პრიორიტეტად ასახელებდა. მაგრამ მე და ჩემს ძველმოდურ მისწრაფებებს წინ ობიექტური გარემოებები ეღობებოდა. ამ გარემოებას რეიტინგი ერქვა, ის რეიტინგი, რომელიც ცოტა ხნის უკან სულაც არ არსებობდა და რომელიც ახლა ყველაფრის საზომად იქცა.
EXel-ის ცხრილებში ჩამოწიკწიკებულ პროცენტულ მაჩვენებლებს ვერავითარ კონტრარგუმენტს ვერ დაუპირისპირებდი _ საქართველოს მოსახლეობას ჭკვიანური გადაცემები არ სჭირდებოდა. სოციოლოგები გვიმტკიცებდნენ, რომ მონაცემები სწორი მეთოდოლოგიით ითვლებოდა და სავსებით რეპრეზენტატიული იყო. არ დაფიქრებულხართ, რა ძალა აქვთ რიცხვებს?..";
"ახლა ჩვენ ყველას საკუთარი ტელევიზორი გვაქვს. ის, რომელიც ყველაზე დიდია, დედაბოძივით სასტუმრო ოთახის ცენტრში დგას. გავიღვიძებთ, ერთმანეთს დუნედ მივესალმებით და მერე მთელი დღე ჩვენ ჩვენს ეკრანებს შევყურებთ: ბიჭს მულტფილმები და ბოევიკები უყვარს, გოგოს – MTV, მე – პოლიტიკა და საინფორმაციო გამოშვებები. რა გვაქვს საერთო, არაფერი –სხვადასხვა სამიზნე ჯგუფს განვეკუთვნებით.
ტელევიზია იმის გარანტიაა, რომ ადამიანები ერთმანეთს აღარ ელაპრაკებიან, საბოლოოდ იზოლირებულნი, ისინი პირისპირ აღმოჩნდნენ სიტყვასთან, რომელიც მუდამ უპასუხოდ დარჩება";
"ფეისბუქზე" მისი ერთერთი ბოლო სტატუსი კი ადამიანურ ურთიერთობებს ეხებოდა:
"კი, ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია, ყველაზე მთავარი, უპირველესი, გადამწყვეტი. უმნიშვნელოვანესია, როდესაც არაფერი გტკივა, როდესაც არ კვდები, მაგრამ, ბლინ, ჩემიანებისთვის უბრალო ადამიანური მშვიდობა მინდა, როდესაც კარგს დაფასება აქვს, ცუდი ისჯება, როდესაც არსებობს მყარი შკალა:
აი კარგად გავაკეთე, დამიფასდა, ცუდად მოვიქეცი – დავისაჯე. ძნელია, შეუძლებელია ღირებულებით ქაოსში ცხოვრება. წავედი, ვერ ვბეჭდავ ბევრს, საშინელ ხასიათზე ვარ, თან ამ მუდმივი ტკივილის ფონზე!!! მე საწუწუნო არაფერი მაქვს, მე გასაოცარი სიკეთით მეპყრობიან ადამიანები, მაგრამ ამ ქვეყნად მარტო მე ხომ არ ვარ!!!”...
"აფხაზეთის ხმა" მწუხარებას გამოთქვამს ნანა ზარდიაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს.

