-
2014-11-07 14:10
ფინანსური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე, სერგო ჯავახიძე 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს აფასებს და აცხადებს, რომ ის ხალხზე ორიენტირებული არ არის.
„დავითვალე ძალიან ხელმომჭირნედ და მინიმუმ, 220 ლარი გამოდის. ცოტა მოიკელი, მიეცი პენსიონერებს ამდენი და აღარ დაგჭირდება 25 ლარზე თუ 5 ლარზე ლაპარაკი.
სამინისტროებს რომც არ მოუმატო ახალი წლიდან, ისედაც არ აკლიათ დაფინანსება და ცოტა ხანს თავს გაიტანენ. საერთოდ, როცა ქვეყანაში ასეთი მდგომარეობა გაქვს, როცა მასობრივი უმუშევრობაა, გაჭირვებულების დიფერენცირება არ შეიძლება, სახიფათოა. ახლა თავდაცვის სამინისტრო 5 მილიონით მეტს მიიღებს თუ ნაკლებს, რა მნიშვნელობა აქვს, ამით სამუშაო ადგილები ხომ არ იქმნება?
გადახედე, ბიუჯეტის პროექტი თვითონ ყვირის, ხალხზე ორიენტირებული არა ვარო. როდესაც ბიუჯეტი იზრდება, შეგიძლია, რომელიმე გადასახადი შეამცირო, თუნდაც საშემოსავლო, ან ბიზნესის განვითარებას შეუწყო ხელი, რაღაც შეღავათები დააწესო და ასე შემდეგ. საქართველოში პერსპექტივები არის, ხალხს საქმის კეთება უნდა, მაგრამ იცი, რა ხდება?
ცხადდება ტენდერები, ადამიანებს განაცხადები შეაქვთ, იგებენ, მაგრამ მერე უქმდება. ასეთი რამ არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში, შემდგარი ტენდერების უმეტესობა უქმდება. რატომ? იმიტომ, რომ ვიღაცის სასურველი კომპანიები ვერ იგებენ.
იგებენ „ნაციონალებთან“ შეკრული კომპანიები, ისინი მაინც გამოცდილები არიან, მერე აძლევენ სხვებს, რომლებიც არაკომპეტენტურები აღმოჩნდებიან ხოლმე და იძულებული არიან, გააუქმონ. ამიტომაც ვერ იხარჯება ფული. ორი დღის წინ დარეგისტრირებული შპს რომ მილიონიან ტენდერს მოიგებს, ხომ დაეჭვდები?
არ გამოდის, საქმეს ვერ გააკეთებს, უკეთეს შემთხვევაში, წავა, სხვა შპს-ს გაურიგდება, თვითონ მოიგებს და საქმეს იმას გააკეთებინებს. პირდაპირ ვამბობ, ეს არის კორუფციის ბუდე“, - განაცხადა ჯავახიძემ.
„ალია“