
აღნიშნულის თაობაზე „სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების" თავმჯდომარე, ვახტანგ მამალაძე საუბრობს.
მისი ინფორმაციით, საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში ცხოვრობს ქალბატონი, ვინმე ვარდიკო, რომელიც ლეკვის ქონისგან ამზადებს წამალს.
„ჯერ კარგად კვებავს, ასუქებს ლეკვებს და შემდეგ ქონს იყენებს წამლისთვის. ამის შესახებ ტუბერკულოზით დაავადებულმა ბევრმა ადამიანმა იცის და ყიდულობენ კიდეც ვარდიკოს წამალს. არსებობენ თვითმხილველებიც, თუმცა მათ ვინაობას ვერ დავასახელებ.
რამდენჯერმე მეზობლებმაც შეუშალეს ხელი ამ საქმიანობაში, მაგრამ უხეშად მოიშორა თავიდან – ჩემი შვილის ბიზნესს ნუ მიფუჭებთო. დაახლოებით ორი თვის წინ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დავუკავშირდი და მივაწოდე ინფორმაცია, რომ შესაბამისი რეაგირება მოეხდინათ",- აცხადებს ვახტანგ მამალაძე.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ქალბატონთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ, რადგან ტელეფონის ნომერი, რომლიდანაც ერთხელ განახორციელა ზარი, ახლა მას აღარ ეკუთვნის:
„ეს ქალბატონი სხვადასხვა ნომრებიდან რეკავს ცხოველთა თავშესაფრებში და ლეკვების ჩუქებას ითხოვს. ექსპერიმენტიც ჩავატარეთ ახლახან და საზღვარგარეთიდან დავარეკინეთ ერთ ადამიანს, რომელმაც ლეკვების ჩუქება შესთავაზა, რაზეც უპასუხა, რომ სამს იჩუქებდა.
ჩნდება ეჭვი, თუ ადამიანს შინაური ცხოველის ყოლა სურს, სამი ერთად რად უნდა?",- ამბობს სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე, ვახტანგ მამალაძე.
Ambebi.ge