
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას კალათბურთისთვის ყურადღების მიქცევა სთხოვა.
შესაბამისი განცხადება ქართველმა კალათბურთელებმა პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ გააკეთეს.
როგორც გუნდის კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ განაცხადა, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დღეს მხოლოდ ორი გუნდია რეგისტრირებული, რაც ძალიან მძიმე მოვლენაა.
„ძალიან ამაყი ვარ ამ ბიჭებით, ძალიან მაგარი დღეა ჩვენთვის. მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოვხვედრილიყავით, მიუხედავად იმ სირთულეებისა და ტრავმებისა, რომელიც გუნდში არის.
მიუხედავად ამხელა სიხარულისა, კვლავ არის დიდი წუხილი ჩვენში იმასთან დაკავშირებით, რა მდგომარეობაშიც დღეს ქართული კალათბურთია. გვინდა მივმართოთ თხოვნით ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, საქართველოს მთავრობას, რომ მიხედონ კალათბურთს, ყურადღება მიაქციონ სპორტის ამ სახეობის განვითარებას საქართველოში, დღესდღეობით მხოლოდ ორი გუნდია ჩემპიონატში, ამას საქართველო არ იმსახურებს.
ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ქვეყანამ აჩვენოს კარგი შედეგი და ქვეყნისთვის სამომავლოდ უფრო კარგი იქნება, თუ იქნება ძლიერი ჩემპიონატი, იქნებიან გუნდები, გაიზრდებიან პროფესიონალი კალათბურთელები, ამით უფრო ისარგებლებს ქვეყანა და ნაკრები უფრო ძლიერი იქნება", - აღნიშნა ზაზა ფაჩულიამ.
ვიქტორ სანიკიძის თქმით, ყოველ წელს არის დაპირება, რომ ქართულ კალათბურთს მიხედავენ, თუმცა ეს დღემდე არ შესრულებულა.
„სულ გვესმის, რომ აი გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე და მერე ყველაფერს ვიზამთ, თუმცა სიტუაცია იგივე რჩება, ძალიან ბევრი ბავშვია, ვისაც უნდა კალათბურთზე სიარული, ბევრი ჩვენი თანაგუნდელი ნაკრებში დღეს ქართულ კალათბურთში შექმნილი მდგომარეობის გამო უგუნდოდ არის დარჩენილი, ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ქართულ კალათბურთში ძალიან მძიმე მდგომარეობაა.
ისე გამოდის, დღეს რომ ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავსულიყავით, საქართველოს ჩემპიონატი არც ჩატარდებოდა. თუ მიეხედება შიდა ჩემპიონატს, გაცილებით ძლიერი ნაკრები გვეყოლება", - აღნიშნა ვიქტორ სანიკიძემ.
ქართველი კალათბურთელების მიმართვას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა. „ქართველმა კალათბურთელებმა მორიგი გამარჯვება
მოიპოვეს - დაძაბული მატჩების შემდეგ ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში პირველ ადგილზე გავიდა და ზედიზედ მესამედ მოიპოვა ასპარეზობის უფლება. ვულოცავ ჩვენს კალათბურთელებს და ქართული კალათბურთის ყველა გულშემატკივარს ამ დიდ გამარჯვებას.
განსაკუთრებით დასაფასებელია ჩვენი ნაკრების გამარჯვება, რადგან კარგად ვიცი, თამაშის, მომზადებისა და ასპარეზობისთვის რამდენი სირთულისა და პრობლემის გადალახვა უწვეთ მათ, და ეს წლებია გრძელდება. ჩვენი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს კალათბურთელებს ღირსეული პირობები ჰქონდეთ.
საქართველოში კალათბურთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა, ქართველი გულშემატკივარი არაერთი დიდი წარმატების მომსწრე გამხდარა. ამიტომაც, ჩვენი ვალია ხელი შევუწყოთ ქვეყანაში კალათბურთის განვითარებას, მის პოპულარიზაციას და ეროვნული ჩემპიონატების მაღალ დონეზე ჩატარებას, რაც, დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო ტურნირებში კიდევ ბევრი გამარჯვების წინაპირობა გახდება", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.