
ინფექციურ დაავადებათა სამსახურის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის თქმით, უცხოეთის იმ ქვეყნებიდან, სადაც ებოლას ვირუსია გავრცელებული, საქართველოში 14 ადამიანი შემოვიდა.
მათი უმეტესობა ნიგერიელია, ისინი აღრიცხვაზე აიყვანეს.
„რეალურად იმის რისკი, რომ ნიგერიიდან დაავადებული შემოვიდეს, ისედაც დაბალია, რადგან 174 მილიონიან ქვეყანაში დაავადების მხოლოდ 13 შემთხვევაა დარეგისტრირებული.
საქართველოში დაწესდა, რომ მოხდეს იმ ქვეყნიდან შემოსულთა რეგისტრირება, სადაც ებოლას ვირუსის შემთხვევები გამოვლინდა. მათზე ზედამხედველობა 21 დღის მანძილზე გრძელდება. ეს არის მაქსიმალური საინკუბაციო პერიოდი, რის შემდეგაც ისინი აღარ დაავადდებიან.
საზღვრის გადმოკვეთისას პირებს ეძლევათ სპეციალური სამახსოვრო, რომელიც უხსნით, დაავადების სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში, სად შეუძლიათ სამედიცინო დახმარების მიღება", - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.
მისივე განმარტებით, სასწავლო პროცესის დაწყებისას ქვეყანაში შემომსვლელთა რაოდენობა გაიზრდება და ისინი ზედამხედველობის ქვეშ იქნებიან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დღეისთვის მსოფლიოში ებოლას ვირუსით ინფიცირების 2000 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 1000-ზე მეტი ლეტალურად დასრულდა. დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა გვინიაში, ლიბერიაში, სიერა ლეონესა და ნიგერიაში.
ებოლას ჰემორაგიული ცხელების საწინააღმდეგო პროტოტიპული ვაქცინის აპრობაცია ადამიანებში უკვე დაიწყეს.
დაავადება მაღალი ტემპერატურის ფონზე თავის ტკივილით იწყება, რასაც თან მასიური სისხლჩაქცევები ახლავს, ასევე მრავალი ორგანოსა და ფუნქციის მოშლა. მძიმე დაავადება ლეტალურად მთავრდება.
თუმცა, ადრეულ ეტაპზე სამედიცინო დახმარების მიმართვისა და ადეკვატური თერაპიის მიღების შემთხვევაში, დაავადებული შესაძლოა გადარჩეს.
ებოლას ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტის შემთხვევაში გადადის. კერძოდ, სისხლის, შარდის, განავალის, სპერმის კონტაქტის შემთხვევაში, რაც შესაძლოა ინფექციის გავრცელების წყარო გახდეს.